ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელისუფლება ზეიმით აღნიშნავს – საერთო-სახალხო ღონისძიება თავისუფლების მოედანზე, 17:00 საათზეა დაგეგმილი.
“ოცნების” დეპუტატები ოპონენტებს ცინიკური მიმართვებით ეპატიჟებიან და მოუწოდებენ, შეუერთდნენ ღონისძიებას:
“ვისაც აქვს შნო, ვისაც აქვს უბრალოდ სინდისი, ვისაც კარნახობს, რომ სურთ ამ პროცესში, კი ბატონო, ველოდებით. ჩვენ ოპოზიციას სამუშაო ჯგუფებში ველოდებოდით და მით უმეტეს, ეხლა, როცა გავიმარჯვეთ, ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა და დამსახურებულად მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, მობრძანდნენ და იზეიმონ, პრობლემა არ არის. ჭიჭე, მოდი, შენც მოდი, ნუ ხართ ცალკე. მოდი, შენც იზეიმე…მერე რა, რომ პოლიტიკაში ხელმოცარულები ხართ და ცალკე ლუზერების პლატფორმის წევრი ხარ,” – ამბობს ირაკლი ზარქუა.
“ოცნების” მიერ ორგანიზებულ ზეიმს უერთდებიან “ლელოს,” “საქართველოსთვის,” “რესპუბლიკური” პარტიის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია, “ევროოპტიმისტების” წევრი ხატია დეკანოიძე.
“ნაციონალური მოძრაობაში” კი აცხადებენ, რომ ეს არ არის “ქართული ოცნების” ზეიმი. როგორც ანი წითლიძე ამბობს, ის ენმ-ში დაგეგმილ ზეიმსაც დაესწრება და თავისუფლებაზე, სახალხო ზეიმზეც მივა.
ღონისძიებაზე დასწრებას აპირებს პრეზიდენტიც. სალომე ზურაბიშვილმა გუშინ თქვა, რომ მზადაა, “თუ ტრიბუნაზე მიიწვევენ” სიტყვით გამოვიდეს. თუმცა, მმართველი გუნდის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ მას საზეიმო სცენაზე არაფერი არ ესაქმება.