დღეს, „მაკდონალდს საქართველოს“ 26 წლის იუბილეა. 90-იანი წლების ბოლოს, თბილისის ჩაბნელებულ ქუჩებში, „მაკდონალდსის“ განათებული შენობა, ოქროს თაღით და მაგიური M-ით, ერთგვარად იმის სიმბოლოდ იქცა, რომ ქვეყანამ უდიდესი ნაბიჯი გადადგა განვითარებისკენ, პროგრესისკენ, ამერიკული ხარისხისკენ და სტანდარტისკენ. ეს იყო იმედი, რომ იწყებოდა სრულიად ახალი ეპოქა და ცვლილებები ბიზნესისთვისაც და ხალხისთვისაც; ეს იყო სინათლის ერთგვარი სიმბოლოც და ბევრისთვის მოტივაცია, რომ ყველაზე რთულ დროსაც შესაძლებელია დიდი მიზნების დასახვა და განხორციელება. „McDonald’s ეს არის კომპანია, სადაც ინოვაცია, სტანდარტები, მომსახურების მაღალი ხარისხი, გარემოზე ზრუნვა და ბედნიერი მომენტები ერთიანდება. მაკდონალდსი არის ემოციური კავშირი, რომელიც აერთიანებს ადამიანებს, ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას და ქმნის სოციალურ ცვლილებებს. მისი 26-წლიანი ისტორია საქართველოში ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ბრენდი იყოს მრავალი დადებითი ცვლილების ინიციატორი და მხარდამჭერი.
McDonald’s-ის როლი საქართველოს ეკონომიკაში უმნიშვნელოვანესია. პირველი რესტორნის წარმატების შემდეგ, ბრენდმა თავისი ქსელი გააფართოვა და დღეს უკვე 25 რესტორანი ფუნქციონირებს ქვეყნის მასშტაბით, 5 დიდ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში. მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ 2024 წელს ორ ახალ რესტორანში კომპანიამ 23 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და 110-მდე ადამიანი დაასაქმა.
„მაკდონალდს საქართველო“ ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია და დღეის მდგომარეობით, 2100-მდე ადამიანს ასაქმებს. გახსნის პირველი დღიდან დღემდე კი „მაკდონალდსში“ სამუშაო გამოცდილება 7000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ბრენდი დიდ ყურადღებას აქცევს თანამშრომლების ტრენინგსა და განვითარებას, რაც ხელს უწყობს მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებას. გარდა ამისა, მაკდონალდსი ცნობილია თავისი სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივებით, რომლებიც მიმართულია გარემოს დაცვაზე, განათლების ხელშეწყობაზე და საზოგადოების სხვა აქტუალურ საჭიროებებზე. მაკდონალდსის სარესტორნო კულტურა სთავაზობს ახალგაზრდებს მათ პირველ სამუშაო გამოცდილებას, რაც ხშირად ხდება მათი მომავალი პროფესიული კარიერის საფუძველი.
26 წლის განმავლობაში, მაკდონალდსმა დაამტკიცა, რომ მას შეუძლია იყოს არა მხოლოდ კომერციული წარმატების სიმბოლო, არამედ მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის. დაარსების დღიდან დღემდე „მაკდონალდს საქართველომ“ სხვადასხვა მიმართულებით 185 მილიონ ლარამდე ინვესტირება განახორციელა, ქვეყნის ბიუჯეტში შენატანი კი 216 მილიონ ლარს აღწევს.
აღსანიშნავია, რომ ამ წლების განმავლობაში მაკდონალდსი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ეკოლოგიურ ინიციატივებს და მუდმივად მუშაობს ნარჩენების გადამუშავების პროცესების დახვეწაზე. ამასთან ერთად, საქართველოს მაკდონალდსის რესტორნებში ენერგიისა და რესურსების დაზოგვის ინოვაციური ტექნოლოგიები გამოიყენება, რაც ხაზს უსვამს გარემოს მიმართ ბრენდის ვალდებულებას.
დღეს უკვე 26 წლის „მაკდონალდს საქართველო“ მიღწეული წარმატებით არ კმაყოფილდება და ქვეყანაში ამერიკული ბრენდის განვითარებას განაგრძობს. კომპანია ქვეყნის მასშტაბით 2025 წელს კიდევ რამდენიმე ახალი რესტორნის გახსნას, მსხვილი ინვესტიციების განხორციელებასა და მომსახურების კიდევ უფრო გაუმჯობესებას გეგმავს.