ქუთაისში ტურისტული ნაკადი შემცირებულია, დღის განმავლობაში ერთი მაგიდაც არ იჯავშნება – რესტორანი „სთორი“

ქუთაისში, ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ტურისტების რაოდენობა შემცირდა. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციიდან ვიგებთ, ბოლო ორ დღეში ორი ობიექტი დაიხურა: ღვინის ბარი “საფერე” და ვინტაჟური სასტუმრო და რესტორანი “შავი პომიდორი”.
როგორც წერეთლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რესტორნის – “სთორის” მენეჯერი, ვასილ კაშია „კომერსანტთან“ ყვება, ტურისტების ნაკადი ბოლო ორ წელიწადში ყველაზე მცირეა. მეტიც, ბოლო დღეებია, რესტორანში დღის განმავლობაში მაგიდები ცარიელია.
„ტურისტული ნაკადი შემცირებული, გვყავს სტაბილური სტუმრები, რომლებიც ჩვენთან მოსვლას მიჩვეული არიან, რადგან იციან, კარგი ხარისხი და მომსახურება დახვდებათ. ორი წელია, რაც „სთორი“ ფუნქციონირებს, ამიტომ შემიძლია გადაჭრით ვთქვა, რომ ტურისტული ნაკადი ბევრად მცირეა, ვიდრე შარშან და შარშან წინ, თუმცა სტაბილური სტუმრები მაინც დადიან.
მართალია, ახლა პერიოდიც ისეთია, რომ ნაკლებად ტურისტული სეზონია, თუმცა, გასულ წლებთან შედარებით, ამ დროისთვისაც კი ძალიან მცირეა ტურისტების რაოდენობა.
არადა, ჩვენი რესტორანი წერეთლის ქუჩაზე მდებარეობს, უბანში, რომელიც სასტუმრო-რესტორნებით დახუნძლულია. გავიგე, რომ რამდენიმე რესტორანი დაიხურა, სიმართლე გითხრათ, ამას არ ველოდით.
უკეთესად რომ აგიხსნათ, ზამთრის პერიოდში დღის მეორე ნახევარში შემოდიოდნენ ტურისტები, მაგრამ ახლა 4 საათია და 1 მაგიდაზეც არ გვყავს სტუმარი”,- ამბობს რესტორნის მენეჯერი.