უცხო ენების პლატფორმა Lingwing-ს, რომელიც 300 000-ზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს, ხელოვნური ინტელექტი დაემატება. ამის შესახებ პლატფორმის დამფუძნებელმა, დავით ველიაშვილმა BM.GE-სთან ისაუბრა.
როგორც ველიაშვილი განმარტავს, პლატფორმის განახლებისთვის, სრულყოფილი ტექნიკური ცვლილებები განხორციელდა და პლატფორმა თავიდან გადაიწერა, რაც მის მოქნილობას უზრუნველყოფს. განახლდა როგორც მობილური აპლიკაცია, ასევე ვებგვერდი, რაც მომხმარებლებს მეტ ფუნქციონალურ გამოცდილებას აძლევს.
მისი ინფორმაციით, პროგრამა სრულად “ჩათის” ფორმატზე გადადის და წერითი დავალებები მაქსიმალურად შემცირებულია. სამაგიეროდ, კომპანიამ წერითი დავალებები აუდიო დავალებებით ჩაანაცვლა, რაც აპლიკაციას საშუალებას აძლევს, რომ მომხმარებელს მეტყველებაში დაშვებული ხარვეზების გამოვლენაში და მის გაუმჯობესებაში დაეხმაროს.
“Lingwing-ს AI დაემატება. ძალიან საინტერესო კურსებს ვამატებთ. პლატფორმა არა მხოლოდ უცხო ენის შემსწავლელი იქნება, არამედ იქნება მათთვისაც, ვისაც ენის ცოდნის გაუმჯობესება, აქცენტის უნდა. ახლა დეველოპმენტის პროცესი მიმდინარეობს და სავარაუდოდ ერთ-ორ თვეში უკვე უნდა გაეშვას. პირველ ეტაპზე, მხოლოდ ინგლისურ ენას შეეხება და ეტაპობრივად ყველა ენაზე ამუშავდება. დაახლოებით, 150 000 ლარის ინვესტიცია გვაქვს განხორციელებული და ამ პროექტზე 10-მდე ადამიანია დასაქმებული.
პლატფორმის თვისობრივი განახლება მოხდა სრულად. პროგრამა თავიდან გადავწერეთ, რომელიც მეტ მოქნილობას შესაძენდა. განვაახლეთ როგორც მობილური აპლიკაცია, ასევე ვებსაიტი. ცოტა ხანში B დონის კურსები დაგვემატება, რომელსაც ჩვენი მომხმარებლების დიდი ნაწილი მოითხოვდა”, – ამბობს დავით ველიაშვილი.
რაც შეეხება ექსპორტს, კომპანია მალე საექსპორტო აქტივობებსაც გეგმავს. პლატფორმის დამფუძნებლის ინფორმაციით, საწყის ეტაპზე, მეზობელი ქვეყნების (სომხეთი, აზერბაიჯანი) დაფარვას გეგმავენ, ამასთან, უახლოეს მომავალში ამერიკის ბაზარზე გასვლაც იგეგმება.
გარდა ამისა, კომპანია სოციალური ქსელის შექმნას გეგმავს, რომელიც მომხმარებლების ერთმანეთთან კომუნიკაციას უზრუნველყოფს.