აქციის ერთ-ერთი მონაწილე, აქტივისტი ლუკა თეთრაძე, რომელიც 2 ტებერვალს რუსთაველის გამზირისკენ მიმავალი მსვლელობის დროს, სანაპიროზე დააკავეს, 2500 ლარით დააჯარიმეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მისი გადაწყვეტილება პროცესზე ასე განმარტა:
“როცა მონაწილეობას იღებთ აქციაში, გაქვთ ვალდებულება, იცოდეთ აქციის წესები, დაემორჩილოთ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას. სასამართლომ პოლიციელების ჩვენებები ჩათვალა სარწმუნოდ”.
თავად ლუკა თეთრაძე მის წინააღმდეგ გადაწყვეტილებას “უსამართლობას” და “დაშინების მცდელობას” უწოდებს.
“მედავებოდნენ დაუმორჩილებლობას და პოლიციელის სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც სასაცილოა. პირდაპირ ვიტყვი, უსამართლო სასამართლო, ხალხის ძალის გეშინოდეს. მე, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს არ ვეთანხმები. ეს არის უსამართლობა და დაშინების მცდელობა”, – თქვა ლუკა თეთრაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.
აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ლუკა სარიშვილი მოსამართლემ, 2400 ლარით დააჯარიმა. იგი, ასევე 2 თებერვალის აქციაზე, სავაჭრო ცენტრ “თბილისი მოლის” მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა პოლიციამ.
“ვიყავი გზიდან გადასული, შემაღლებულზე. ერთ მომენტში დაიძრნენ გდდ-ს თანამშრომლები, რომლებმაც გაარღვიეს კორდონი და რამდენიმე ადამიანი აგვიყვანეს, მოგვაყენეს ფიზიკური, სიტყვიერი შეურაცხყოფა, წაგვართვეს პირადი ნივთები, ტელეფონები და შემდეგ გადაგვცეს პატრულის თანამშრომლებს”, – იხსენებს ლუკა სარიშვილი და აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე, შსს-ს წარმომადგენლების, მოწმეების ჩვენებები ერთმანეთს არ დაემთხვა.
მოსამართლემ აქციის კიდევ ერთი მონაწილე, სერგი გიგანი, ასევე 2500 ლარით დააჯარიმა. მისი თქმით, შსს-ს მტკიცებულებები არ ჰქონდა წარმოდგენილი, ჰყავდა მხოლოდ ორი მოწმე, რომლებიც დაკითხვის დროს “ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ”.
“ერთი იძახდა პოლიციას აგინებდაო, მეორე იძახდა არ აგინებდაო. არ იყვნენ ჩამოყალიბებული თუმცა მოსამართლემ მაინც უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო და დააადგინა, რომ მე ვარ კანონდამრღვევი”, – თქვა სერგი გიგანმა “ტვ პირველთან” კომენტარისას.
ადმინისტრაციული სახდელის სახით 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა მამუკა დიასამიძეს, კაცს, რომელსიც ამბობს, რომ „თბილისი მოლთან“ აქციაზე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ხარაზიშვილმა („ხარებამ“) წიხლი ამოარტყა.
ასევე დაჯარიმდნენ:
· ბადრი გრიგალაშვილი – 2400 ლარი;
· დავით ბერიტაშვილი – 2200 ლარი;
· ირაკლი გეშაგურძე – 2300 ლარი;
· სანდრო ჩაფიძე – 2300 ლარი;
კიდევ ერთი დაკავებული კონსტანტინე კობერიძე კი მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა უდანაშაულოდ ცნო და ყველა ბრალდება მოუხსნა, ის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
დავით კაკაშვილს მოსამართლე დავით ცაცუამ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
რაც შეეხება საპროტესტო მსვლელობისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, მოსამართლე ნინო ენუქიძემ გიორგი ქადაგიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, ხოლო სხდომა საქმეზე 7 თებერვალს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.
ასევე, დაკავებულთა ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, მათ შორის არის “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია.
2 თებერვალს, საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ჯამში 31 პირი დააკავეს.
ფორუმი
