თალიბანმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ შეერთებული შტატების მიერ ავღანეთში დატოვებული სამხედრო შეიარაღება ახლა მათ ეკუთვნის, როგორც „ომის ნადავლი“ და მისი უკან მოკითხვის ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ, იმავე იარაღს გამოიყენებს.
ეს განცხადება იყო ქაბულში საერთაშორისოდ არაღიარებული მთავრობის პირველი ოფიციალური პასუხი დონალდ ტრამპის დაპირებაზე, რომ ავღანეთის ისლამისტი დე-ფაქტო ლიდერებისგან ამერიკულ შეიარაღებას დაიბრუნებს.
თალიბანის პრესმდივანმა ზაბიდულა მუჯაჰიდმა ორშაბათს განაცხადა: „იარაღი, რომელიც ამერიკამ ავღანეთში მიატოვა და ასევე ის იარაღი, რომელიც ავღანეთის ყოფილ რეჟიმს მიაწოდა, ახლა, როგორც ომის ნადავლი, მუჯაჰედების საკუთრებაა“.
დასავლური შეიარაღებული ძალები, შეერთებული შტატების ლიდერობით, ავღანეთში თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში იყო განლაგებული, რათა ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ ემოქმედა და ქაბულში საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა დაეცვა. 2021 წლის აგვისტოში, თალიბანის მიერ ხელისუუფლების ხელში ჩაგდებიდან სულ რამდენიმე დღეში, ძალები ქვეყნიდან ნაჩქარევად და ქაოტურად გავიდა.
შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიშის თანახმად, სამხედროების გასვლის დასრულების შემდეგ, ავღანეთში დაახლოებით 7 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობა დარჩა, მათ შორის საფრენი მანქანები, ანტისაჰაერო საბრძოლო მასალა, სამხედრო ავტომანქანები, იარაღი, საკომუნიკაციო აღჭურვილობა და სხვა მასალები, რომელიც თალიბანმა მიითვისა.
ინაუგურაციამდე ტრამპმა დეტალებში შესვლის გარეშე თქვა: „თუ ვაპირებთ მათ ყოველწლიურად მილიარდობით დოლარი გადავცეთ, უთხარით მათ რომ ფულს არ მივცემთ, თუ ჩვენს სამხედრო აღჭურვილობას არ დაგვიბრუნებენ.
მუჯაჰიდი ამბობს, რომ ქვეყანაზე კონტროლის დაბრუნების შემდეგ, თალიბანს შეერთებული შტატების ფინანსური დახმარებიდან ერთი ცენტიც არ მიუღია. მან განაცხადა, რომ ქაბული ვაშინგტონისგან არანაირ დახმარებას არც მოელოდა და არც უთხოვია.
თალიბანმა ხელსუფლების დაბრუნების შემდეგ, ე.წ. „გამარჯვების დღის“ აღსანიშნავ ზეიმზე ამერიკული სამხედრო ტექნიკა გამოფინა.
