არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაცია” განცხადებით ეხმაურება დღეს 4 თებერვალს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე “მედიის წარმომადგენლებზე საპოლიციო ძალადობას”.
აქციაზე, რომელზეც მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მართავდნენ გამოცემების, “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” პატიმრობაში მყოფი დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სოლიდარობისა და მისი გათავისუფლების მოთხოვნით, პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ონლაინგამოცემა „პუბლიკის”ფოტორეპორტიორს ნათია ლევერაშვილს, თავს დაესხნენ ასევე NEWS.On.ge-ს მთავარ რედაქტორს, ვანცენტ ხაბეიშვილს, რომელიც კვლევებისთვის კლინიკაში იმყოფება.
“აქციების კონტექსტში მედიის წარმომადგენლებს სისტემურად მიზანმიმართულად ესხმიან თავს, ხელს უშლიან პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ საპოლიციო ძალებს აქვთ პირდაპირი ინტერესი, არ გაშუქდეს აქციები, ან/და მათი ძალადობრივი დარბევა და სხვა დარღვევები. მიგვაჩნია, რომ საპოლიციო ძალების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა წახალისებულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის არაეფექტიანი გამოძიებით და იმ დაუსჯელობის სინდრომით, რომელიც გაბატონებულია საპოლიციო ძალებში”, – ნათქვამია საის განცხადებაში.
შსს-ში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ აქციის ორი მონაწილე ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.
რადიო თავისუფლება ცდილობს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურისგან ინფორმაციის მიღებას, დაიწყო თუ არა გამოძიება ჟურნალისტებზე ძალადობაზე.
ბოლო დროს მედიის წარმომადგენლების მიმართ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას არაერთი ძალადობის შემთხვევა იყო, მათ შორის პოლიციელებისა და მოძალადე ჯგუფების მხრიდან.
“პუბლიკის” ჟურნალისტებზე ალექსანდრე ქეშელაშვილსა და მინდია გაბაძეზე ძალადობის არცერთი შემთხვევა არ არის გამოძიებული. მინდია გაბაძე პოლიციელების მხრიდან გულგრილობის მსხვერპლი გახდა ერთ-ერთ აქციაზე, სადაც მას “ტიტუშკები” ფიზიკურად გაუსწორდნენ, ამ ინციდენტიდან რამდენიმე მეტრში მდგომმა პოლიციის ეკიპაჟმა კი მიმართვის მიუხედავად, დანაშაულის აღსაკვეთად არაფერი გააკეთა.
ე.წ. ტიტუშკები პირდაპირ ეთერში განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ “ტელეკომპანია პირველის” ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორს, გიორგი შეწირულს. ასევე პირდაპირ ეთერში, სპეცრაზმელის მიერ მიზანმიმართული თავდასხმის შედეგად თავის არეში მიღებული მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში მოხდა ტელეკომპანია “ფორმულის” ჟურნალისტი გურამ როგავა. ის სარეაბილიტაციო კურსს ამ დრომდე გადის. აქციების მიმდინარეობისას, მძიმედ დაშავდა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა ათობით სხვა ჟურნალისტსა და ოპერატორს. ჟურნალისტებისთვის მძიმე იყო მიმდინარე წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეც, რა დროსაც, “მედიაჩეკერის” ცნობით, საქმიანობაში ხელი მედიის 70 წარმომადგენელს შეუშალეს.”
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2024 წლის 1 იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის სავარაუდო ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სულ 16 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო, საიდანაც 9-ზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. ამასთან, გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა 7 პირის მიმართ დაიწყო, 1 სისხლის სამართლის საქმეზე კი – გამოძიება შეწყვიტა.
უცნობია მივიდა თუ არა რომელიმე საქმის გამოძიება ბოლომდე, შესაბამისად დადგა თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი.
სამართალდამცველების იდენტიფიცირება რიგ შემთხვევებში შეუძლებელია, ვინაიდან მათ სახე ნიღბით აქვს დაფარული, უნიფორმაზე კი არ აქვს სანომრე ან სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშნები.
“ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლები, სხვადასხვა საპროტესტო აქციებზე პოლიციის მხრიდან დემონსტრანტებზე ძალადობის გამო გამოთქმულ კრიტიკას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ,
3 თებერვალს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ “როგორც კი ქართველი პოლიციელის მიერ ძალის გამოყენება გადასცდება ევროპელი პოლიციელის ძალის გამოყენების რაღაც ზღვრებს, პირველები ვიქნებით, ვინც ამაზე ვუსაყვედურებთ ქართულ პოლიციას. როგორც უნდათ ახლა, ისე გაიგონ ეს ჩემი “მესიჯი.”
მისი სიტყვებით “ქართველი პოლიციელები მოქმედებენ უფრო ჰუმანურად” ვიდრე ევროპელი და ამერიკელი სამართალდამცველები “როგორც კი მიუახლოვდება გერმანელი, ფრანგი და სხვა ევროპელი, ან ამერიკელი პოლიციელების უხეშობის დონეს, პირველები ჩვენ ვიქნებით რომ საყვედურს ვიტყვით”.
30 იანვარს კი კოლეგიის მიერ “ქართული ოცნების” ხმათა უმრავლესობით პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა, “კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის” პოლიციის მაღალჩინოსნები დააჯილდოვა. მათ უმრავლესობას დასავლეთში სანქციები აქვს დაწესებული.
