დემოკრატები USAID-ის დაცვას აპირებენ, რუბიო ამბობს, რომ პროგრამები არ შეწყდება, კოორდინაცია გაიზრდება

კონგრესის დემოკრატმა წევრებმა გააპროტესტეს ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობა, USAID-ის ფუნქციები გადასცეს სახელმწიფო დეპარტამენტს. ეს გადაწყვეტილება აჩენს კითხვებს დახმარების პროგრამების დაფინანსებაზე მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის უკრაინის მრავალმილიარდიან დახმარებაზე.
-ის კანონმდებლები 3 თებერვალს შეიკრიბნენ ვაშინგტონში, USAID-ის ცენტრალური ოფისის წინ ილონ მასკის, Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორის, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი კაცის, როგორც თავად უწოდებენ, „უკანონო ქმედების“ დასაგმობად.
მასკი პრეზიდენტ ტრამპის დავალების შესაბამისად, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის სახელით (DOGE) ეძებს ბიუჯეტის ხარჯვისა და ბიუროკრატიის შემცირების გზებს.
დემოკრატმა კანონმდებლებმა საპროტესტო შეკრება გამართეს მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ -ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს 2 თებერვალს ელფოსტით აცნობეს, რომ შეეძლოთ მომდევნო დღეს სამსახურში არ გამოცხადებულიყვნენ და დაბლოკეს მათი წვდომა სამთავრობო ელფოსტასა და USAID-ის პლატფორმებზე, რაც სააგენტოს დაშლის პროცესზე მიუთითებდა.
„შაბათ-კვირას USAID-ი დავამუშავეთ, როგორც ხის სათლელში”, – დაწერა მასკმა პლატფორმა X-ზე 3 თებერვალს.
კანონმდებლებმა სააგენტოს შენობის წინ გამართულ აქციაზე USAID-ის საქმიანობა დაიცვეს და განაცხადეს, რომ სააგენტოს დაშლის მცდელობა კონგრესის უფლებამოსილებას ეწინააღმდეგება.
„ჩვენ არ გვყავს მთავრობის მეოთხე შტო სახელად ილონ მასკი, და ეს მალე ძალიან ნათელი გახდება“, – განაცხადა კონგრესმენმა ჯეიმი რასკინმა.
მან ასევე აღნიშნა: „არ ვიცი, რა მოტივაცია აქვს მასკს, მაგრამ მას არაფერი აქვს საერთო იმ კანონებთან, რომლებიც აშშ-ის ხალხმა კონგრესის მეშვეობით მიიღო. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ USAID-ს“.
დემოკრატმა სენატორმა კონექტიკუტიდან, კრის მერფიმ, USAID-ის დაშლის მცდელობა საკონსტიტუციო კრიზისად შეაფასა და პირობა დადო, რომ მას წინააღმდეგობას გაუწევს.
„ხალხი წყვეტს, როგორ უნდა დაიხარჯოს მათი გადასახადების ფული. ამას ილონ მასკი ვერ გადაწყვეტს“, – თქვა მან რასკინთან ერთად გამოსვლისას.
ეს არის მცდელობა, „მთავრობა გადასცენ რამდენიმე არარჩეულ მილიარდერსა და კორპორაციულ ინტერესებს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – აღნიშნა მერფიმ.