სალომე ზურაბიშვილი – ივანიშვილის არალეგიტიმური პარლამენტი ახალ კანონებსა და შესწორებებს იღებს, რომელთა მიზანი განსხვავებული აზრისა და პროტესტის ჩახშობაა

ივანიშვილის არალეგიტიმური პარლამენტი ახალ კანონებსა და შესწორებებს იღებს, რომელთა მიზანი განსხვავებული აზრისა და პროტესტის ჩახშობაა, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ივანიშვილის არალეგიტიმური პარლამენტი ახალ კანონებსა და შესწორებებს იღებს, რომელთა მიზანი განსხვავებული აზრისა და პროტესტის ჩახშობაა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ცვლილებებს გეგმავს. კერძოდ, მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, ისე სისხლის სამართლის კოდექსში.
უფრო კონკრეტულად: მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე იკრძალება დახურულ სივრცეში, შენობებში, აქციების ჩატარება; წვრილმანი ხულიგნობისთვის, ვანდალიზმისთვის, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და მათი შეურაცხყოფისთვის, სასამართლოს შესასვლელების ბლოკირებისთვის და სხვა მსგავსი ადმინისტრაციული კანონდარღვევისთვის ჯარიმები იზრდება და ასევე, იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 60 დღემდე; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური პირის, საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, მდინარაძის თქმით, ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდება განისაზღვრება პატიმრობა 3 წლამდე ვადით; იზრდება სისხლის სამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობისთვის და იქნება 5 წლიდან 6 წლამდე; ასევე, მკაცრდება სანქცია პოლიციელზე, ხელისუფლების წარმომადგენლებზე და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმისთვის, ჯგუფურობის, არაერთგზისობის, საშიში საშუალებით განხორციელების შემთხვევაში; სასჯელი იზრდება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზეც; სისხლის სამართლის წესით დაისჯება პოლიტიკური თანამდებობის პირზე სახელმწიფო მოსამსახურეზე, საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ან ძალადობის მუქარის ჩამდენი პირიც.