ბაკურიანის მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანია IDS ბორჯომი საქართველო, “ბაკურიანის” წყლით ბავშვების შესაძლო ინფიცირების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანიამ კონკრეტულ მაღაზიაში „ბაკურიანი ციდას“ ნიმუშები შეამოწმა და დარღვევა არ გამოვლინდა.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შემოწმებულია ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში და საწარმოო პროცესის სრული ტექნოლოგიური ციკლი.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბაკურიანი ციდას“ დალევის შემდეგ ბავშვი და დედა საავადმყოფოში გადაიყვანეს. BM.GE აღნიშნულ ინფორმაციაზე კომპანიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბაკურიანი ციდას“ ბოთლიდან დალეული სითხით მოხდა მცირეწლოვანი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია. გაცნობებთ, რომ კომპანიის მხრიდან მყისიერი რეაგირების შედეგად, გადამოწმდა კონკრეტულ მაღაზიაში (სადაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მოხდა პროდუქტის შეძენა) ნიმუშები და დარღვევა არ გამოვლენილა.
პარალელურ რეჟიმში, შევამოწმეთ ამჟამად ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში და ვადასტურებთ, რომ აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა.
ასევე გადამოწმდა საწარმოო პროცესის სრული ტექნოლოგიური ციკლი, რომელიც გამორიცხავს პროდუქტში რაიმე უცხო ნივთიერების მოხვედრას”.