„მასწავლებლების გაძლიერება მწვანე მომავლისთვის“ – ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით, GREDA განახლებადი ენერგიისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით ახალ პროექტს იწყებს
ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია (GREDA) იწყებს საგანმანათლებლო პროექტს “მასწავლებლების გაძლიერება მწვანე მომავლისთვის: განახლებადი ენერგია და გარემოსდაცვითი განათლება საქართველოს სკოლებსა და მუნიციპალიტეტებში”. პროექტი მიზნად ისახავს მასწავლებლების ცნობიერების ამაღლებას და მათთვის განახლებადი ენერგიისა და გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
პროექტი მოიცავს სემინარებს საქართველოს 10 რეგიონში (ქვემო ქართლი, კახეთი, იმერეთი, ლეჩხუმი, რაჭა, სვანეთი, გურია, აჭარა, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი) და გულისხმობს 400-მდე მასწავლებლის ჩართულობას.
პროექტის მთავარი თემა იქნება განახლებადი ენერგიის წყაროები, მათი უპირატესობები და მნიშვნელობა გარემოსდაცვითი პრობლემების გადასაჭრელად. მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს ენერგოსექტორს, არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებს, ასევე განხილული იქნება ენერგეტიკული პროექტების განვითარების აუცილებლობა და მათთან დაკავშირებული კომუნიკაციის მნიშვნელობა. შეხვედრების ფარგლებში მასწავლებლები მიიღებენ მნიშვნელოვან და პრაქტიკულ ინფორმაციას, რომელიც მათ პედაგოგიურ საქმიანობაში დაეხმარება განახლებადი ენერგიის წყაროების, გარემოსდაცვითი საკითხებისა და ენერგეტიკული მდგრადობის შესახებ სწავლების გაძლიერებაში.
პროგრამის მეორე ნაწილი შეეხება შეხვედრებს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან. აღნიშნული შეხვედრების მიზანია იმ ძირითადი გამოწვევების განხილვა, რომლებსაც ადგილობრივი ხელისუფლება ხედავს საქართველოში ენერგეტიკული პროექტების განვითარების პროცესში. პროექტის ფარგლებში, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა რეკომენდაციებს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს პროცესები – იქნება ეს კანონმდებლობის ან ადმინისტრაციული პროცედურების სისწრაფე, ინვესტორებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნა თუ სხვა.
“მასწავლებლების გაძლიერება მწვანე მომავლისთვის” პროექტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს მწვანე ენერგიისა და გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით. პროექტის მიზანია შეიქმნას მდგრადი გარემო, სადაც განათლებაზე დაყრდნობით, თითოეული მოქალაქე შეძლებს გარემოს დაცვისა და ენერგეტიკული პასუხისმგებლობის შესახებ ღრმა ცოდნის მიღებას.
