გარკვეულ ტერიტორიებზე მანქანების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულო იქნება | პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, 1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე, მთავრობის მიერ განსაზღვრულ ზონებსა და გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულო იქნება.
ამას გარდა, განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, შესაძლოა ზემოაღნიშნული პერიოდისგან განსხვავებული დროის მონაკვეთი დადგინდეს ან დამატებითი მოთხოვნა დაწესდეს, სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებთან ერთად მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით აღჭურვის შესახებ.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ კანონდამრღვევი 100 ლარით დაჯარიმდება და დააკლდება მართვის მოწმობის 5 ქულა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო ინიციატორი საქართველოს მთავრობა იყო.