„მეორე ნახევარკუნძულის მშენებლობა დავიწყეთ“ – რა ეტაპზეა „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ მშენებლობა?

კომპანია „ამბასადორი აილენდ “ ორი ნახევარკუნძულის მშენებლობის სამუშაოებს აქტიურ რეჟიმში ახორციელებს. როგორც გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გოჩა კამკიამ განაცხადა, ტერიტორიის 25 ჰექტარი უკვე ფორმირებულია, რაც სრული საპროექტო არეალის მეოთხედს აღემატება და ნაკისრ საინვესტიციო ვალდებულებებს 5 წლით წინ უსწრებს.
კომპანიის ინფორმაციით, 2021 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში მათი დაკვეთით საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიების მიერ 40-მდე კვლევა ჩატარდა, მიღებული შედეგების გათვალისწინებით კი განისაზღვრა ყველა ტექნიკური და საინჟინრო გადაწყვეტილება, რომელიც მდგრადი და უსაფრთხო ორი ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულის მშენებლობის გარანტიაა.
„ორი ნახევარკუნძულის 25 ჰა უკვე განაშენიანებულია, დასავლეთ ნახევარკუნძულზე უკვე 23 ჰა-ია და მეორე ნახევარკუნძულზე ახლა დავიწყეთ სამუშაოები და ამ ეტაპზე 2 ჰა-ს მოიცავს. ამ მხრივ ნამდვილად ფენომენალური შედეგები გვაქვს. ჩვენი მოკავშირეები არიან უძლიერესი არქიტექტურული და საინჟინრო კომპანიები Yüksel Proje, რომელმაც ბათუმიდან 70 კმ-ში შავ ზღვაში ხელოვნურად განაშენიანებულ მიწაზე ორი მოქმედი საერთაშორისო აეროპორტი (Ordu – Giresun Airport, Trabzon airport) დააპროექტა. ასევე ბრიტანული კომპანია Arup, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ქალაქების გეგმარებაშია ჩართული. ჩვენ გვყავდა ლონდონიდან მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები და ეკონომისტები, რომლებმაც სიზუსტით დათვალეს ეკონომიკური მაჩვენებლები. ჩვენ თავშივე დიდი შრომა და ფინანსური რესურსი ჩავდეთ, იმისთვის რომ გამართული მენეჯმენტის პირობებში შევხვედროდით ამ პროექტის განხორციელებას“, – განაცხადა გოჩა კამკიამ.
აღსანიშნავია, რომ ორ ნახევარკუნძულსა და კუნძულზე ტერიტორიის 49% დაეთმობა საჯაროდ ხელმისაწვდომ რეკრეაციულ ზონას, მათ შორის ტყე-პარკებს, საფეხმავლო ბილიკებს, სპორტულ მოედნებსა და გასართობ-გამაჯანსაღებელ სივრცეებს. საპროექტო არეალში აშენდება საგანმანათლებლო და ჯანდაცვის დაწესებულებები, სასტუმროები, აპარტამენტები, ბინები, ვილები, ვერტოდრომები, იახტკლუბი.
ბათუმის კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს.