2024 წლის I ნახევარში, არმატურის მწარმოებელი Geosteel-ის მოგება ₾33 მლნ-მდე გაიზარდა

საქართველოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა მეტალურგიულმა კომპანიამ, „ჯეოსთილმა“, 2024 წლის პირველი ნახევრის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა.
დოკუმენტის თანახმად, იანვარ-ივნისის პერიოდში კომპანიის მთლიანი გაყიდვები 143.2 მილიონი ლარი იყო, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.7%-ით მეტია.
ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიის წმინდა მოგებამ 32.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით თითქმის სამჯერ მეტია.
„ჯეოსთილის“ შემოსავლის უდიდესი ნაწილი კვლავ არმატურის გაყიდვებიდან მოდის, რაც ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნის ზრდაზე მიანიშნებს. კომპანია ძირითადად საქართველოს ბაზარზე ოპერირებს, რადგან 2024 წლის პირველ ნახევარში ექსპორტი თითქმის არ განხორციელებულა, მაშინ როდესაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტის მოცულობამ 3.6 მილიონი ლარი შეადგინა.
„ჯეოსთილის“ ფინანსური ანგარიშგების თანახმად, კომპანიის მიერ გაყიდული პროდუქციის თვითღირებულებამ 118.7 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო საოპერაციო მოგება 17.4 მილიონ ლარს გაუტოლდა. ჯეოსთილის ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის ვალდებულებები წლიურად 14 მილიონი ლარით შემცირდა და 62.2 მილიონი ლარი შეადგინა.