გამოცემა Wall Street Journal-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე თვეში, რუსეთმა რამდენჯერმე თურქეთს დიდი ოდენობის თანხა გაუგზავნა. გამოცემის ცნობით, მოკლე ვადაში გადარიცხვების რაოდენობამ $5 მილიარდი შეადგინა, მომავალში დამატებით თანხების გაგზავნის პირობით.
მაშინდელი წარმოდგენით, თანხა თურქეთის პირველი ატომური ელექტროსადგურის პროექტისთვის იყო განკუთვნილი, რომლის აშენებასაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ათწლეულობის მანძილზე გეგმავდნენ. პროექტის დამფინანსებელი და ამგები რუსეთის სამთავრობო ატომური კონგლომერატი იყო.
თუმცა, ხსენებულმა გადარიცხვებმა ნიუ-იორკში, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ყურადღება მიიქცია, რომელსაც უოლ-სტრიტის ზედამხედველობა ევალება. ამის მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ ფულის ნაკადი ამერიკის ორი მოწინავე ბანკის, JPMorgan Chase-ისა და Citigroup-ის მეშვეობით მიედინებოდა.
WSJ-თან საკითხზე ინფორმირებული წყაროების თქმით, გამომძიებლებმა აღმოაჩინეს, რომ 2022 წელს რუსეთი და თურქეთი ატომური ელექტროსადგურის პროექტს აშშ-ს სანქციებისგან თავის ასარიდებლად იყენებდა, რომელიც ამერიკამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს დაუწესა.
გამოცემის ინფორმაციით, მოსკოვში მყოფმა ტექნოკრატებმა მილიარდობით დოლარი აშშ-ს ბანკების მეშვეობით “მეგობრულ ქვეყანაში” გადარიცხეს, საიდანაც ამ თანხით რუსეთის სახელმწიფოს ინიციატივების დაფინანსება ხდებოდა.
JPMorgan და Citigroup გამოძიების სამიზნეები არ არიან, თუმცა რუსული თანხის $2 მილიარდი ბანკ JPMorgan-შია გაყინული მას შემდეგ, რაც აშშ-ს მთავრობამ ბანკის ზოგიერთი გადარიცხვა შეაჩერა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელი პროკურორები 2024 წელს აღნიშნული თანხის ჩამორთმევას აპირებდნენ იმის საფუძველზე, რომ გადარიცხვების მიზანი სანქციებისგან თავის არიდება, ფულის გათეთრება და საბანკო თაღლითობის ჩადენა იყო. თუმცა, წყაროების თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება დაბლოკა, რადგან თეთრ სახლს თურქეთთან ურთიერთობის გაფუჭების თავიდან არიდება სურდა.
WSJ-ს ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა თქვეს, რომ აშშ-ს მთავრობა სანქციების რეჟიმის გადახედვასა და იმ პირების წინააღმდეგ მოქმედებას გააგრძელებს, რომლებიც სანქციებისგან თავის არიდებას ცდილობენ.
რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში არსებული ატომური კომპანია Rosatom-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ყველა გამოყოფილი თანხა ატომურ პროექტს მოხმარდა, ხოლო “რაც შეეხება იმ თანხას, რომელიც უსამართლოდ არის შეყოვნებული მესამე მხარეების გავლენის გამო, მოველით, რომ საკითხი მოგვარდება”. – თქვა Rosatom-ის წარმომადგენელმა.
გამოცემის მიხედვით, ძვირადღირებული ატომური ელექტროსადგურების პროექტები რუსეთს საშუალებას აძლევს, რომ მოსახერხებელი გზით დამალოს თანხები, რომელიც სხვა მიზნისთვის არის განკუთვნილი.
WSJ-ს ინფორმაციით, თავდაპირველად, გეგმა მუშაობდა, რადგან 2022 წლის ზაფხულში Gazprombank-მა Citi-ს გავლით ატომური ელექტროსადგურისთვის $3 მილიარდი გადარიცხა თურქულ ბანკ Ziraat Bank-ზე, ხოლო $2 მილიარდზე მეტი JPMorgan-ის მეშვეობით.
თუმცა, გადარიცხვების შესახებ იუსტიციის დეპარტამენტში ცნობების შესვლის შემდეგ, ამერიკელი მაღალჩინოსნები ბაკს დაუკავშირდნენ, რათა თურქეთისთვის მომდევნო $2-მილიარდიანი გადარიცხვა დაებლოკათ. შედეგად, თანხა გაიყინა.
წყაროების თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან ყოყმანი იმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაედგათ შემდგომ, გამოიწვია იმან, რომ იუსტიციის დეპარტამენტის ეჭვით, ერდოღანის ერთ-ერთი უფროსი ლეიტენანტი, დაზვერვის დირექტორი იბრაჰიმ ქალინი 2022 წელს გადარიცხვებში იყო გარეული.
ამასთანავე, WSJ წერს, რომ სირიაში ამბოხებულების მიერ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდგომ პერიოდში, რასაც რეგიონში ერდოღანის გავლენის ზრდა მოჰყვა, აშშ შიშობდა, რომ თურქეთს შეეძლო, ძალები შეყვანა იმ ტერიტორიაზე, რომელიც ამერიკის მიერ მხარდაჭერილ ქურთებს ეკავა.
გამოცემის ცნობით, სწორედ ამ პერიოდში სთხოვა თეთრმა სახლმა იუსტიციის დეპარტამენტს, რომ არ მოეხდინა $2 მილიარდის ჩამორთმევა.
ახლა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაზეა გადაწყვეტილება საქმის გადატვირთვის შესახებ. ცნობისთვის, ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, ერდოღანთან მიმართებით კამათის საგანი იყო ბრალდებები თურქეთის მთავრობის მფლობელობაში არსებული Halkbank-ის მიმართ, რომ ბანკმა ირანის წინააღმდეგ დაწესებული ამერიკული სანქციების რეჟიმი დაარღვია.
tabula.ge