ეროვნული ბიბლიოთეკა, პარლამენტისგან კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის.
ამის შესახებ კანონპროექტი თავისი განმარტებითი ბარათით პარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული და 29 იანვრით თარიღდება. კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი შალვა პაპუაშვილია.
გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი, რომელიც ამას პარლამენტის მხრიდან მისთვის მინიჭებულ პასუხისმგებლობაზე უარის თქმად აფასებს და ბიბლიოთეკის იმ ფორმით გაუქმებად, როგორიც ის არის დღეს.
„ჩემი აზრით, ეს არის მცდარი გადაწყვეტილება, რომელიც აუქმებს ქვეყნის საპარლამენტო ბიბლიოთეკას, პარლამენტი უარს ამბობს მისთვის მინიჭებულ უმნიშვნელოვანეს პასუხისმგებლობაზე.
ასევე, ეს არის ქვეყნის მთავარი წიგნთსაცავის სტატუსის შეცვლა, კულტურის სამინისტროსთან დაქვემდებარებით ის ინარჩუნებს მხოლოდ ეროვნული დეპოზიტარიუმის ფუნქციას, მაგრამ ის აღარ იქნება ის, რაც არის დღეს!
საქართველომ დღიდან დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან პარლამენტს დააკისრა ქვეყნის მთავარი წიგნთსაცავის მზრუნველობა. დიახ, 1918 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა დააყენა საკითხი პარლამენტის ბიბლიოთეკის შექმნისა. მან, სწორედ ექვთიმე თაყაიშვილმა დააყენა საკითხი ამ ბიბლიოთეკის ფონდების შეძენისათვის 500 000 მანეთის გამოსაყოფად. შეიძინეს დიმიტრი ერმაკოვის ფონდი, ვაიდენბაუმის კოლექცია, სავალდებულო ეგზემპლარის კანონიც მიაღებინა პარლამენტს. ეს გააკეთა ცხონებულმა ექვთიმე თაყაიშვილმა. რას მოიფიქრებდა, რომ 2025 წელს დამოუკიდებელი საქართველო გააუქმებდა პარლამენტის ბიბლიოთეკას!
ჯერ კიდევ არ მიღებულა ეს მცდარი გადაწყვეტილება. მივმართავ პარლამენტარებს, ნუ შეცვლიან იმ გზას, რაც ექვთიმე თაყაიშვილმა შექმნა! ნუ ვიტყვით უარს საპარლამენტო ბიბლიოთეკაზე. ეროვნულ ბიბლიოთეკას ნუ დაუკარგავთ საპარლამენტო ბიბლიოთეკის ფუნქციას. ეს გადაწყვეტილება არ მომხდარა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექციასთან შეთანხმებით“, — წერს ლევან თაქთაქიშვილი.
პარლამენტის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის სამართლებრივი სტატუსი აქამდე ბუნდოვანი იყო.
„საბიბლიოთეკო პოლიტიკის განხორციელების, საბიბლიოთეკო დარგში სახელმწიფო სტანდარტების დაცვის კონტროლის, საბიბლიოთეკო სტატისტიკური მონაცემების ცენტრალიზებული შეგროვებისა და ანალიზის მხრივ, ეროვნული ბიბლიოთეკა კოორდინაციაშია არა საქართველოს პარლამენტთან, არამედ საქართველოს კულტურის სამინისტროსთან. […] მიზანშეწონილია ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საქმიანობა გააგრძელოს საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში და ამავე დროს, მიენიჭოს განცალკევებული სამართლებრივი სტატუსი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით. ამასთან, ეროვნული ბიბლიოთეკის სახელწოდებაში, სამართლებრივ სტატუსზე მითითების გარდა, მსგავსად „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონისა, უნდა მიეთითოს, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა არის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა“, — ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
აქვე აღნიშნულია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ნაცვლად, ბიბლიოთეკის დებულებას, საშტატო ნუსხას, შრომის პირობებს კულტურის მინისტრი დაამტკიცებს. ის დანიშნავს და გაათავისუფლებს ბიბლიოთეკის დირექტორს, მოადგილეებსა და დეპარტამენტების დირექტორებს. გარდამავალ პერიოდში ეროვნულ ბიბლიოთეკაში დასაქმებული პირები, ხელმძღვანელები, მათივე თანხმობით, უკონკურსოდ იქნებიან გადაყვანილი სსიპ – ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმავე თანამდებობებზე (შესაბამისი შრომის ანაზღაურებისა და სტატუსის შენარჩუნებით), რომლებიც მათ კანონპროექტის შესაბამისი მუხლის ამოქმედების მომენტისთვის ეკავებათ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკის პერსონალმა ეს თანხმობა 2025 წლის 7 მარტამდე წერილობით უნდა გამოხატოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღარ იმოქმედებს დათქმა, რომ ისინი პოზიციებს შეინარჩუნებენ.
„ნაწილი ნორმებისა ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ნაწილი კი 2025 წლის 10 მარტიდან“, — ნათქვამია განმარტებით ბარათში და დაზუსტებულია, რომ კანონპროექტის მიღებას არ ექნება ფინანსური გავლენა პირებზე, რომლებზეც ვრცელდება მისი მიღება.
როგორც ლევან თაქთაქიშვილი წერს, 1921 წლამდე ბიბლიოთეკა პარლამენტს ექვემდებარებოდა, 1922-1952 წლებში — განათლების კომისარიატს, 1953 წლიდან 1995 წლამდე — კულტურის სამინისტროს, 1995 წლიდან — კვლავ პარლამენტს.
