პოლიტიკური თანამდებობის პირის და სახელმწიფო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა გამოიწვევს 1500 ლარიდან 4 000 ლარამდე ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას – 45 დღემდე ვადით

სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, ასევე სახელმწიფო მოსამსახურისა და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, რომელიც “ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და პარლამენტში უკვე ინიციირებულია, ასეთი ქმედება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით.
ამავე პროექტით, აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 500 ლარიდან 6 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 60 დღემდე ვადით.
პოლიტიკური თანამდებობის პირის და სახელმწიფო მოსამსახურის შეურაცხყოფაზე ასე გათვალისწინებულია იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა, 3 წლამდე ვადით.
“ქართული ოცნების“ პროექტი ასევე ითვალისწინებს ადმინისტრაციული პატიმრობის 60 დღემდე გაზრდას. გარდა ამისა, მკაცრდება სანქციები წვრილმანი ხულიგნობისთვის, პოლიციელის წინააღმდეგობისთვის და შეკრება-მანიფესტაციის წესის დარღვევისთვის.
პროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.