„ქართული ოცნების“ პარლამენტი გეგმავს, დემონსტრაციების შესაზღუდად კანონმდებლობა გაამკაცროს. კერძოდ, გაზარდოს ჯარიმები და პატიმრობის ვადა. ამის შესახებ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
· წვრილმანი ხულიგნობისთვის, რისთვისაც პოლიცია არაერთ დემონსტრანტს აკავებს ხოლმე აქციებზე, დაკავებულს კიდევ უფრო დიდი ჯარიმა დაუწესდება (მოქმედი კანონმდებლობით, ჯარიმის ოდენობა 500-დან 1000 ლარამდეა);
· წვრილმანი ხულიგნობისთვის 15 დღიდან 60 დღემდე გაიზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც;
· ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა საქმიანობასთან დაკავშირებით;
· წინასწარი ნებართვის გარეშე იკრძალება აქციების გამართვა კერძო საკუთრებაში არსებულ საჯარო სივრცეებში (მაგალითად, სავაჭრო ცენტრებში);
· ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯარო მოწოდება, რომელიც აქამდე მხოლოდ ჯარიმით ისჯებოდა, დაისჯება 3 წლამდე პატიმრობით;
· პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევისთვის, მუქარისა და ძალადობისთვის სასჯელი დამძიმდება და 5-დან 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება.
„დღეს წარმოგიდგენთ ამ მიდგომის პირველ ნაწილს, რომელიც უკვე დაინიცირებულია პარლამენტში და პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე სრულად არ შეიცვლება თავსმოხვეული ნორმები სახელმწიფოს გამართულად ფუნქციონირების და გამართულად აუცილებელი ნორმების მიღებით“, – თქვა მამუკა მდინარაძემ.
უკვე 68-ე დღეა, საქართველოში არ წყდება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. „ქართული ოცნება“ კი დემონსტრაციების შესაზღუდად სანქციებს ამკაცრებს და ჯარიმებს ზრდის.
„ქართულმა ოცნებამ“ უკვე აკრძალა აქციებზე ნიღბების ტარება, ფეიერვერკის გამოყენება, ლაზერის მინათება. ირაკლი კობახიძემ მთავრობის სახელით ხელი მოაწერა დადგენილებას, რომლითაც ათეულობით საავტომობილო გზაზე აქციის გამართვა აიკრძალა.
ფორუმი
