სოციალური სამართლიანობის ცენტრი პოლიციის მიერ ჩადენილ ძალადობებზე გამოძიებას ითხოვს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე.
ორგანიზაცია განცხადებით ეხმაურება ორ თებერვალს პოლიციის მიერ მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობას.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გააკეთოს განცხადება დემონსტრანტების დაკავების საფუძვლების შესახებ და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებულები.
“დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება სამართალდამცავების მიერ ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე და გამოკვეთონ ხელმძღვანელი პირების, მათ ზვიად ხარაზიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი”- წერია მათ განცხადებაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, რამდენიმე შემთხვევაში, მასალებში ჩანს, თუ როგორ უსწორდება აქციის მონაწილეებს ძალოვანთა ჯგუფები.
“ერთ-ერთ ასეთ ვიდეოში ასახულია როგორ ურტყამს რამდენიმე პოლიციელი წრეში მოქცეულ ადამიანს თავის არეში აქციის მიმდინარეობისას, ხეივანზე მიმავალი მანქანები სოლიდარობას მანქანის სიგნალით გამოხატავდნენ. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაში, ჩანს, რომ პოლიციამ მანქანა ალყაში მოაქცია და მის დაზიანებას, ასევე, მძღოლის მანქანიდან გადმოყვანას შეეცადა.მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ 5 დაკავებულ აქტივისტს მიღებული დაზიანებებისგან ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
აქციაზე, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაშავდა ტვ “პირველის” ოპერატორიც, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. ის ერთ-ერთი მოქალაქის დაკავების კადრებს იღებდა, როდესაც პოლიციამ ჭყლეტაში მოაყოლა.
კიდევ ერთხელ უნდა გაესვას ხაზი, რომ ნიღბიანი ძალოვნები, რომლებიც იდენტიფიცირებადიც არ არიან, რაც, თავის მხრივ, ადამიანის უფლებების სტანდარტების უხეში დარღვევაა, დაუსჯელობის სრული გარანტიით სარგებლობენ. ამ დრომდე, არავინ დასჯილა 28 ნოემბერს დაწყებულ საპროტესტო აქციებზე სისტემური წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ასობით ფაქტების გამო. უფრო მეტიც, ამ დრომდე არ არის ცნობილი ინფორმაცია რომელიმე მოძალადე სპეცრაზმელის იდენტიფიცირების შესახებ და უფლებამოსილების შეჩერების შესახებ”- ნათქვამია განცხადებაში.