უწყვეტი პროტესტის 67-ე დღეს 31 დემონსტრანტი დააკავეს

უწყვეტი პროტესტის 67-ე დღეს, 2 თებერვალს დღისით და გვიან ღამით 31 დემონსტრანტი დააკავეს. ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
ინფორმაციას ამის შესახებ ნეტგაზეთს -ში უდასტურებენ.
20-ზე მეტი დემონსტრანტი „თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციაზე დააკავეს. დაკავებების მეორე სერია გვიან ღამით დაიწყო, როდესაც „თბილისი მოლიდან“ მსვლელობით წამოსული მოქალაქეები სანაპიროს გავლით რუსთაველისკენ მიემართებოდნენ.
დაკავებულთა შორის არიან ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის წევრი თამუნა თევზაძე, რონდელის ფონდის მკვლევარი მამუკა კომახია, კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი ლუკა თეთრაძე, ისტორიკოსი და „რა, სად, როდის?“ კლუბის წევრი ირაკლი ვეშაგურიძე, თსუ-ის სტუდენტი კონსტანტინე კობერიძე, მორაგბე ლევან ობოლაძე და სხვები. დაკავებულთა შორის იყვნენ ასევე და გიგი უგულავა. ნიკა მელია მოგვიანებით გაათავისუფლეს.
დიდი რაოდენობით პოლიცია შუა დღიდან მობილიზებული იყო „თბილისი მოლთან“, სადაც მოქალაქეები პროტესტის ნიშნად 16:00 საათიდან შეიკრიბნენ და სტუდენტების შეკრების ადგილას — „თავისუფალ უნივერსიტეტთან“. „თბილისი მოლთან“ იმყოფებოდა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილიც (ხარება) — სანქცირებული მაღალჩინოსანი, რომელიც „ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ცოტა ხნის წინ ღირსების ორდენით დააჯილდოვა. აქციის მონაწილეები და გადაღებული ვიდეოკადრები ადასტურებენ, რომ „ხარება“ მომიტინგეებს აგინებდა და სცემდა.
კადრებში ასევე ჩანს და თვითმხილველებიც ადასტურებენ, რომ პოლიცია თავში ურტყამდა და სასტიკად უსწორდებოდა დაკავებულებს.
2 თებერვლის აქციას „თბილისი მოლთან“ დაანონსებისთანავე მოჰყვა „ოცნების“ მხრიდან განცხადება, რომ თბილისის შემოსასვლელ-გასასვლელის გადაკეტვა უკანონოა. განცხადება ეყრდნობოდა ირაკლი კობახიძის 31 იანვრის დადგენილებას სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში საერთაშორისო მნიშვნელობის გზების დამატების შესახებ.
„თბილისი მოლის“ ტერიტორიის გადაკეტვა ნაჩქარევად და წინასწარ გამოცხადდა უკანონოდ. პირველ თებერვალს კი პოლიცია რამდენიმე საათის განმავლობაში ჩხრეკდა აქტივისტებისა და რიგითი მოქალაქეების სახლებს. მათ შორის, მოქალაქე ისაკო დევიძის, ჯგუფ „დაიტოვეს“ ადმინისტრატორების, ილია ღლონტისა და ქრისტინა ბოტკოველის (ნენსი ვოლანდი) სახლებს, „ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე გამოძიების ფარგლებში“.
ისაკო დევიძე პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. დაკავების მომენტიდან, მესამე დღეა, ის შიმშილობს.

ასევე დაგაინტერესებთ

აშშ-ის საელჩო – მდინარაძის დღევანდელი განცხადებები სრულიად მცდარია და წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას იმის შესახებ, რას აკეთებს საელჩო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭრად