ნიკა სიმონიშვილი – სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ცვლილების მთავრობის დადგენილებით შეტანა პრინციპულ წინააღმდეგობაშია კონსტიტუციის პრინციპებთან – „ქართული ოცნება“ კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გავიდა

„ქართულ ოცნებას“ იმდენად უჭირს მისი ძალაუფლების, ფსევდო ხელისუფლების შენარჩუნება, რომ უკვე კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გავიდა და ის იღებს ისეთ წესებს, რომლებიც ადამიანის უფლებათა სამართალთან არავითარ შესაბამისობაში აღარ არის, – ასე გამოეხმაურა იურისტი, საია-ს ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებას, რომლის თანახმადაც, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები დაემატა.
როგორც სიმონიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, საკანონმდებლო პროცესი მთავრობის დადგენილებით დონეზე არ უნდა წარიმართებოდეს.
„ქართულმა ოცნებამ“ ეს მოქმედებები სრულიად არაკონსტიტუციური ცვლილებებით დაიწყო (ვგულისხმობ, მთავრობის დადგენილებას, რომლის თანახმადაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები დაემატა), ანუ ცვლილებებით, რომელიც თავისი ფორმით და შინაარსით, სრულიად არაკონსტიტუციური იყო. [„ქართული ოცნება“] შეეცადა ამ შეკრებაში და გამოხატვის თავისუფლებაში სრულიად არაკონსტიტუციურად, უკანონოდ ჩარევას.
ჩვენ ვნახეთ, რომ მსვლელობის შესაძლებლობა აქციის მონაწილეებს არ მიეცათ და შესაბამისად, შეკრების თავისუფლების ფარგლებში ამ უფლების განხორციელება. ასევე, აქ საინტერესო ის არის, რომ მთელი კონსტიტუციური პრინციპი საკანონმდებლო ცვლილებების ფაქტობრივად მოირღვა და სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ცვლილება მთავრობის დადგენილებით შევიდა, რაც პრინციპულ წინააღმდეგობაში არის კონსტიტუციის პრინციპებთან, ანუ საკანონმდებლო პროცესი მთავრობის დადგენილებით დონეზე არ უნდა წარიმართებოდეს და სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადებული ქმედება მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსში ასახული კონკრეტული ქმედებით უნდა გამოიხატებოდეს.
„ქართულ ოცნებას“ არ უნდოდა თავისი სისუსტის დემონსტრირება და ასევე, არ უნდოდა ის განმეორებულიყო, რაც რამდენიმე დღის წინ სერბეთში მოხდა. მაგისტრალის გადაკეტვით, მას ეს რაღაც ერთგვარ სისუსტეში ჩაეთვლებოდა. ამიტომ მისი კრიმინალიზება მოახდინა და შესაბამისად, ეგონათ, რომ იქ ადამიანები აღარ მივიდოდნენ და შეკრებას არ გამართავდნენ, რაც ასე არ მოხდა და „ქართული ოცნების“ მოლოდინები არ გამართლდა. ამიტომ მას დარჩა ერთადერთი შესაძლებლობა ის, რომ ძველი რეპრესიული ხერხებისთვის კვლავ მიემართა და შესაბამისად, ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა გამოეყენებინა.
„ქართული ოცნება“ ეყრდნობა მის მიერ მიღებულ დადგენილებას, კანონს და ა.შ. მათ ასევე ბევრი სხვა ცვლილებებიც მიიღეს, რომლებიც რეალურად კონსტიტუციასთან შესაბამისობაში არ არის. „ქართული ოცნება“ გასულია კონსტიტუციის ჩარჩოებიდან. „ქართული ოცნება“ იღებს ისეთ რეგულაციებს, კანონებს, წესებს, რომლებიც კონსტიტუციასთან შესაბამისი არ არის. „ქართულ ოცნებას“ იმდენად უჭირს მისი ძალაუფლების, ფსევდო ხელისუფლების შენარჩუნება, რომ უკვე კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გავიდა და ის იღებს ისეთ წესებს, რომლებიც ადამიანის უფლებათა სამართალთან არავითარ შესაბამისობაში უკვე აღარ არის“, – განაცხადა სიმონიშვილმა.
სიმონიშვილის თქმით, გუშინდელ მიმდინარე აქციაზე გდდ-ს მხრიდან განხორციელებულ ქმედებებზე უკვე სისხლის სამართლის საქმე უნდა იყოს აღძრული და ის თანამდებობიდან გადაყენებული უნდა იყოს.
„ნორმალურ ქვეყანაში გდდ-ს უფროსი უკვე თანამდებობიდან გადაყენებული უნდა იყოს და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე უნდა იყოს აღძრული. ცალსახად დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა ის, რაც ჩვენ ვნახეთ. ეს ადამიანი ფიზიკურად უსწორდებოდა აქციის მონაწილეს, მაგრამ მხოლოდ მასზე არ არის საუბარი, იქ მყოფი პოლიციელები (რომლებზეც ეჭვი გვეპარება, საერთოდ პოლიციელები თუ იყვნენ) დემონსტრანტებს პირდაპირ უსწორდებოდნენ. ამის შეფასებას არც იურისტის და არც სამართალმცოდნის დიპლომი არ სჭირდება, რომ ვთქვათ, რომ ეს ცალსახად დანაშაულია. ამაზე ნორმალური პროკურატურის და მართლმსაჯულების სისტემის პირობებში უკვე აქამდე რეაგირება მომხდარი იქნებოდა“, – განაცხადა სიმონიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის 31 იანვრის დადგენილების თანახმად, „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას“ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები დაემატა. დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, აწერს ხელს. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის – ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

ასევე დაგაინტერესებთ

აშშ-ის საელჩო – მდინარაძის დღევანდელი განცხადებები სრულიად მცდარია და წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას იმის შესახებ, რას აკეთებს საელჩო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭრად