ექსპორტი წელს შემცირებულია, მიზეზი ბანკების მიერ პარტნიორი კომპანიების დაფინანსების შემცირებაა – Nuts.Ge
2024 წელს საქართველოს $23.4 მილიარდიან სავაჭრო ბრუნვაში მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები თურქეთი, რუსეთი და აშშ იყვნენ.
2024 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.9% შეადგინა.
ექსპორტი 2024 წელს 7.8%-ით 6 მილიარდ 560 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.5%-ია. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მცირდება ევროკავშირთან ექსპორტი.
მაგალითად, 2023 წელთან შედარებით, 2024 წელს ევროკავშირში 35%-ით ნაკლები ღირებულების საქონელი გავიდა.
თხილი ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია, რომელიც საქართველოდან ევროპულ ბაზარზე ხვდება. თითქმის ყოველწლიურად, თხილი, ექსპორტის მხრივ, Top 10 პროდუქტის ჩამონათვალშია.
NutsGe-ის დირექტორი, მამუკა ბერიაშვილი, „კომერსანტთან“ ადასტურებს, რომ ექსპორტი წელს შემცირებულია. ამის მიზეზი კომერციული ბანკების მიერ კაპიტალგაღრმავებისთვის განკუთვნილი თანხების შემცირებაა. ბერიაშვილი ვარაუდობს, რომ ეს შესაძლოა, ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფონს უკავშირდებოდეს.
„ექსპორტი წელს შემცირებული გვაქვს, მიზეზი საბრუნავი კაპიტალის შემცირებაა. ბანკებმა წელს პარტნიორი კომპანიების დაფინანსება შეამცირეს. ძირითადად ბაზარს ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენდა, დანარჩენი: არაბული ქვეყნები, სამხრეთ ამერიკის კონტინენტი, აფრიკის კონტინენტი და ასევე რუსეთიც. ბანკები მიზეზებს არასდროს განმარტავენ, მაგრამ შესაძლოა, რომ ეს არასტაბილურ ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირდებოდეს. ბანკები ამ დეტალებზე, რა თქმა უნდა, არ ისაუბრებენ. უბრალოდ, ამბობენ, რომ წელს საბრუნავი კაპიტალი შემცირდება და სულ ეს არის“,- აღნიშნა მამუკა ბერიაშვილმა.