პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე, ბათუმელი აქტივისტი თემურ ქათამაძე მე-19 დღეა შიმშილობს და მხოლოდ წყალს იღებს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ“, ის სამტრედიისა და თბილისის სასამართლოების ბრძანების საფუძველზეა დაკავებული.
„მიმართვისა და მოთხოვნის მიუხედავად, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრიდან მოშიმშილე დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისი შიმშილობის მართვის შესახებ ინფორმაცია არ მიგვიღია. ასევე უცნობია, კონკრეტულად რა ქმედებები ხორციელდება დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკების თავიდან არიდების მიზნით“, – აცხადებენ საიაში და მოითხოვენ, დაუყოვნებლივ გადაეცეთ სამედიცინო დოკუმენტაცია.
თემურ ქათამაძის სააპელაციო საჩივარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო 3 თებერვალს, 14:00 საათზე განიხილავს, თბილისის სააპელაციო სასამართლო კი – 7 თებერვალს, 15:00 საათზე. ის ასაჩივრებს დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებას.
თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია. ის ბოლო წლებია, საქართველოში ცხოვრობს და სახელმწიფოს მოქალაქეობის მინიჭებას სთხოვს, რაზეც უარს იღებს. მას დროებითი ბინადრობის უფლება ჰქონდა, რასაც ვადა ამოეწურა, სწორედ ამის მიზეზით მოათავსა პოლიციამ პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში.
თბილისსა და სხვა ქალაქებში უკვე 68-ე დღეა უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და ამ აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით. პოლიცია აქციებზე ძალადობს ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე. მათ ნაწილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
