ენერგეტიკულ ბირჟაზე სავალდებულო მონაწილეობის კომპონენტი შეიძლება გადაიხედოს – ენერგეტიკული გაერთიანება

ენერგეტიკულ ბირჟაზე, შესაძლოა, სავალდებულო მონაწილეობის კომპონენტი გადაიხედოს – ამის შესახებ “საქმის კურსთან” ინტერვიუში, საქართველოში ენერგეტიკული გაერთიანების ოფიციალური წარმომადგენელი სალომე ჯანელიძე აცხადებს.
ჯანელიძის თქმით, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად იწყება მუშაობა საბალანსო ბაზრის ამოქმედების პრინციპებზე, რომელიც შესაძლოა შეიცვალოს. მისი თქმით, მათი მიზანი არ არის დადგენილი ვადების ცვლილება და მათ აქვთ სურვილი, რომ ბაზარი სრულად 2025 წლის 1 ივლისიდან გაიხსნას. ჯანელიძე საუბრობს იმ ძირითად პრინციპებზე, რომელიც, შესაძლოა, ბაზრის სრულად გახსნამდე გადაიხედოს და ასეთია მაგალითად ბირჟაზე ვაჭრობის ვალდებულების კომპონენტი.
“საბალანსო ბაზარი ჯერ კიდევ არ არის ამოქმედებული. დღეს მოქმედი წესების თანახმად, იგი პირველ ივლისს უნდა ამოქმედდეს, თუმცა ამავდროულად ჩვენ უკვე ვმუშაობთ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, და ვაფასებთ, რამდენად არის მიზანშეწონილი ბაზრის იმ სახით ფუნქციონირება, როგორიც იყო თავდაპირველად კონცეფციაში გათვალისწინებული. იმ შემთხვევაში, თუ ამ სამუშაოს შედეგად გამოვლინდება, რომ გარკვეული ცვლილებებია საჭირო, ჩვენ ერთობლივად შევეცდებით გამოსავლის პოვნას.
ჩვენი [ენერგეტიკული გაერთიანების] და ვფიქრობ, სამინისტროს მიზანიც არის ის, რომ ვადამ არ გადაიწიოს და პირველ ივლისს გაიხსნას საბალანსო ბაზარი, ისე როგორც არის მოაზრებული. თუმცა შესაძლებელია, რომ თვითონ ბაზარზე მონაწილეობის გარკვეული პრინციპები გადაიხედოს. ერთ-ერთი მაგალითი არის სავალდებულო მონაწილეობა ზოგიერთი ტიპის მწარმოებლისთვის. თქვენ იცით, რომ დამტკიცებულ კონცეფციაში გათვალისწინებულია, რომ ზოგიერთმა ბაზრის მონაწილემ სავალდებულოდ უნდა ივაჭროს მხოლოდ და მხოლოდ ბირჟაზე. მაგალითად ეს ნაწილი შეიძლება გადაიხედოს და გარკვეულ პირებს აღარ გააჩნდეთ ასეთი სავალდებულო მონაწილეობის მოთხოვნა”, – განაცხადა სალომე ჯანელიძემ და დასძინა, რომ არის საკითხები, რასთან დაკავშირებითაც შეიძლება იყოს მოსაზრება, რომ არ არის საუკეთესო მოდელი საქართველოსთვის.
“სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ, რომ ყველაზე საუკეთესო და ოპტიმალური მოდელი შევიმუშაოთ”, – განაცხადა მან.