საოჯახო მარნის “ოდას” დამფუძნებლის, ქეთი ნინიძის ინფორმაციით, ზამთრის სეზონზე ტურიზმი ფაქტობრივად არ არსებობს. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში “#წერტილი” ტურისტული სეზონის შეფასებისას ისაუბრა.
„ამ პერიოდში, როგორც ყოველთვის, დაბალი სეზონი გვაქვს, მაგრამ წინა წლებთან შედარებით, ტურისტული ნაკადები ახლა მინიმუმამდეა. ფაქტობრივად, ტურიზმი აღარ არსებობს “, – აღნიშნა ქეთი ნინიძემ.
გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ „ოდას“ მარანს, რომელიც ამ პერიოდში ჯავშნებს აქტიურად იღებდა, წელს აღარ მიუღია. მისი თქმით, გაურკვეველია, რა შეიძლება მომავალი ტურისტული სეზონის განმავლობაში მოხდეს.
„[ტურისტები] გრძელვადიან გათვლებს ვერ აკეთებენ. მოგეხსენებათ, ქვეყნებიდან, საიდანაც ტურისტები ჩამოგვდიოდა, ტურები დიდი ხნით ადრე იგეგმებოდა. ახლა ეს შეუძლებელია. შარშანდელი ტურებიც ძალიან ბევრი გაუქმდა, იმიტომ რომ შარშანაც ეს პერიოდი იყო, კითხვები იყო საქართველოში ადამიანის უფლებებთან და დემოკრატიის ხარისხთან დაკავშირებით“, – განაცხადა მან.
მან ასევე აღნიშნა, რომ მათი ტუროპერატორი პარტნიორებიც ამბობენ, რომ სექტორში დიდი უძრაობაა. შესაბამისად, ტურიზმის მომავალი გაურკვეველია.