წინასწარი ჯავშნები უკვე ბევრი უნდა გვქონდეს, მაგრამ გაურკვევლობაში ვართ, – ამის შესახებ BM.GE-სთან ზუგდიდში მდებარე ეთნოგრაფიული სოფლის „სისატურას“ დამფუძნებელმა, მარიკა თოდუამ ისაუბრა.
მისი თქმით, წინა წლებში დომინანტი ბაზრები პროგნოზირებადი იყო, ამ დროისათვის ეს გამოწვევაა. თოდუა დასძენს, რომ აქამდე ჯავშნები 6 თვით ან 1 წლით ადრე ფიქსირდებოდა, ახლა ასე აღარ არის.
„სეზონურად ვმუშაობთ. არ ვმუშაობთ ნოემბრის დასაწყისიდან აპრილამდე. წინასწარი ჯავშნები უკვე ბევრი უნდა გვქონდეს, მაგრამ ცოტა გაურკვევლობა გვაქვს. ამ დროს უკვე ჯავშნების მონახაზი გვქონდა ხოლმე. ახლა ჯავშნები მცირე რაოდენობით არის ევროპიდან. დომინირებს გერმანია და ესპანეთი, ასევე ავსტრია. თუმცა, მაინც რომელი ბაზრები იქნება წელს დომინანტი, ვერ ვპროგნოზირებთ.
პარტნიორებსაც რომ დავეკონტაქტე, რომლებიც შემომყვანი ტურიზმით არიან დაკავებული, ამბობენ, რომ პანიკა არ არის, მაგრამ მათგან მოლოდინია, რომ წლევანდელი წელი განსხვავებული იქნება. იქნება გვიანი ჯავშნები. პოტენციური ტურისტი ახლა სიტუაციის დასტაბილურებას აკვირდება“, – ამბობს მარიკა თოდუა.
ტურისტული ობიექტის დამფუძნებლის ცნობით, ფასების 10-მდე კორექტირება გახდა საჭირო. თუმცა აღნიშნული ფაქტი არა მხოლოდ ქვეყანაში განვითარებული მოვლენებით, არამედ იმით იყო განპირობებული, რომ სერვისი გააუმჯობესეს და ახალი პროგრამები დაამატეს. თოდუა ამბობს, რომ სერვისის მინიმალური ფასი 55-დან იწყება.