აშშ-ის მიერ დაწესებულ ტარიფებთან დაკავშირებით, ჩინეთი საპასუხო ზომებს მიიღებს. ჩინური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია ჩინეთის კომერციის სამინისტროს განცხადებაში.
განცხადების თანახმად, შეერთებული შტატების მიერ არასწორი მოქმედების საპასუხოდ, ჩინეთი წარადგენს საჩივარს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) და მიიღებს შესაბამის საწინააღმდეგო ღონისძიებებს, რომ მტკიცედ დაიცვას თავისი უფლებები და ინტერესები.
„აშშ-ის მხრიდან დამატებითი ტარიფის ცალმხრივი დაკისრება სერიოზულად არღვევს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს. ეს ნაბიჯი არა მხოლოდ ვერ შეძლებს საკუთარი პრობლემების მოგვარებას, არამედ შეაფერხებს ორ ქვეყანას შორის ნორმალურ ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ჩინეთი მოუწოდებს აშშ-ს, რომ მოაგვაროს თავისი ფენტანილის და მასთან დაკავშირებული საკითხები ობიექტურად და რაციონალურად, ვიდრე ხშირად გამოიყენოს ტარიფები სხვა ქვეყნების მუქარისთვის.
შეგახსენებთ, კანადამ და მექსიკამ, შში-ის მხრიდან მათთვის დაწესებული ტარიფების პასუხად, აშშ-დან იმპორტირებულ პროდუქტებზე ტარიფები დააწესეს.
კანადამ 25-პროცენტიანი ტარიფები დააწესდება 155 მილიარდი კანადური დოლარის ღირებულების ამერიკული საქონლის წინააღმდეგ, მათ შორის 30 მილიარდი კანადური დოლარის ღირებულების ტარიფები 4 თებერვლიდან ამოქმედდება, დანარჩენი 125 მილიარდი კანადური დოლარის ღირებულების ტარიფები კი შემდეგ 21 დღეში.
კანადის პრეზიდენტის, ჯასტინ ტრუდოს, განცხადებით, აშშ-ის მიერ დაწესებულ ტარიფებს უარყოფითი გავლენა ექნება როგორც კანადაზე, ასევე აშშ-ზეც.
რაც შეეხება მექსიკას, ამერიკულ იმპორტზე გადასახადებს ისიც გაზრდის, თუმცა, ამ დროისთვის არ კონკრეტდება, რომელ პროდუქციას შეეხება მექსიკის ტარიფები.
შეგახსენებთ, შეერთებული შტატები მექსიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო ბაზარია, ხოლო 2023 წელს მექსიკას ჩინეთი გადაუსწრო, როგორც აშშ-ის ექსპორტის მთავარი დანიშნულების ადგილი.
„როიტერის“ ინფორმაციით, მექსიკა ამზადებს საპასუხო 5 პროცენტიდან 20 პროცენტამდე ტარიფებს აშშ-დან იმპორტირებულ ღორის ხორცზე, ყველზე, ფოლადზე და ალუმინზე, ავტო ინდუსტრია კი პირველ ეტაპზე ტარიფებისგან თავისუფალი იქნება.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანადისთვის, მექსიკისთვის და ჩინეთისთვის ტარიფების დაწესების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.
განკარგულების თანახმად, 25-პროცენტიან ტარიფები დაწესდა კანადიდან და მექსიკიდან იმპორტზე და 10-პროცენტიან ტარიფები ჩინეთიდან შესულ პროდუქციაზე. ამასთან, კანადიდან ენერგორესურსების იმპორტზე იმოქმედებს 10-პროცენტიანი ტარიფი.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მექსიკის წინააღმდეგ ტარიფები გამოწვეულია იმით, რომ ის ვერ აჩერებს ფენტანილის შესვლას შეერთებულ შტატებში, ისევე როგორც უკონტროლო მიგრაციის გამო.
თეთრი სახლის განცხადებით, „ეს ტარიფები აუცილებელია, რათა ჩინეთი, მექსიკა და კანადა ანგარიშვალდებულნი გახადონ მათ დაპირებებზე, შეაჩერონ მომწამვლელი ნარკოტიკის ნაკადი აშშ-ში“.