ქართული სანელებლების ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა. 2024 წლის განმავლობაში დაფნის ფოთლის, ზაფრანის, კოჭას და სხვა სანელებლების ექსპორტი გაორმაგდა და 36,7 მლნ დოლარი შეადგინა. ჯამში, გასულ წელს, ქვეყნიდან 9 145 ტონა სანელებლები გავიდა ექსპორტზე. როგორც დაფნის მწარმოებელი “ქართული დაფნის” ხელმძღვანელი მამუკა ალფაიძე bm.ge-სთან ამბობს, ამ რიცხვში დაფნას ყველაზე დიდი წილი უკავია.
თავის მხრივ კი, საექსპორტო ბაზრებს შორის ყველაზე მეტი წილი ჩინეთზე მოდის. ამას მამუკა ალფაიძის თქმით, რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს.
„ჩინეთის ბაზრის მოთხოვნა წელიწადში 20 000 ტონა დაფნაა. საქართველო წლიურად მაქსიმუმ 6000-7000 ტონა დაფნას აწარმოებს. ზოგადად, დაფნის ყველაზე დიდი მწარმოებელი თურქეთი და სირიაა. რადგან სირია სანქცირებულია, დაფნა ჩინეთში თურქეთიდან უნდა შესულიყო, თუმცა, გარკვეული უთანხმოების გამო, ჩინეთმა თურქული დაფნა არ შეუშვა ბაზარზე. ამიტომ აქტუალური გახდა დაფნის საქართველოდან ექსპორტი, მით უმეტეს რომ ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მოქმედებს. ამის გამო, აქ თურქებიც კი შემოვიდნენ, შექმნეს კომპანიები და აქედან ახორციელებენ ექსპორტს“, – აცხადებს “ქართული დაფნის” ხელმძღვანელი.
როგორც ის ამბობს, „ქართული დაფნის“ ექსპორტი მეტწილად ჩინეთში გადის, შედარებით ნაკლები რაოდენობები კი, უკრაინასა და რუსეთში. „ჩინეთის ბაზარიც იცვლება. ადრე თუ დაბალხარისხიან დაფნას ყიდულობდნენ, ახლა უკვე მაღალხარისხიანს ითხოვენ“, – აღნიშნა მამუკა ალფაიძემ.
მისივე თქმით, „ქართული დაფნა“ საქართველოში დაფნის ყველაზე დიდი მწარმოებელი კომპანიაა, როლის ქარხანაც ვანის რაიონში დაახლოებით 7 წლის წინ აშენდა და 2018 წლიდან პროდუქციის დამუშავება დაიწყო.
„წელიწადში 800-მდე ტონა ნედლ დაფნას ვაწარმოებთ. ხოლო საბოლოო ჯამში, წარმოებული 200 ტონა პროდუქტი გაგვაქვს ექსპორტზე. მეტის წარმოებაც შეგვიძლია, მაგრამ მუშა-ხელის ნაკლებობის გამო და იმის გამო, რომ ჩვენი სანედლეულო ბაზა არ გვაქვს, ნაკლები გამოგვდის. მე მაღალი ხარისხის დაფნის წარმოებით ვარ დაკავებული, მაქვს სპეციალური საშრობი და ა.შ. განსხვავებით გლეხებისგან, რომლებიც ასევე ცდილობენ დაფნის წარმოებას საკუთარ სახლებში, სადაც ისეთი პირობები არაა, როგორც ჩვენთან“, – განაცხადა მამუკა ალფაიძემ და დასძინა, რომ ამჟამად გაფართოებაზე მეტად, ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე მუშაობენ.
„ხარისხის გაუმჯობესება ძალიან ძვირი სიამოვნებაა, თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ ვცდილობთ. 500 000 დოლარი ღირს ერთი დანადგარი და როდის მოვაგროვებ ამ ფულს, რომ შევიძინო? ამ ნაწილში თუ დაგვეხმარება სახელმწიფო, კარგი იქნება. ამ დრომდეც დაგვხმარებია, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში“, – განაცხადა „ქართული დაფნის“ დამფუძნებელმა.