ევროპაში რუსული გაზის ექსპორტის შესაძლო განახლების იდეა სახიფათოდ მცდარია – ლიეტუვური მხარე

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კესტუტის ბუდრისი ევროპაში რუსული გაზის ექსპორტის შესაძლო განახლების იდეას სახიფათოდ მცდარს უწოდებს.
ამის შესახებ კუსტუტის ბუდრისმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
„ხმები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ რუსული გაზის იმპორტის ევროპაში განახლება შეიძლება გახდეს ბერკეტი უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში, ძალიან არასწორია. ეს სახიფათოდ მცდარი იდეაა. უნდა დამარცხდეს და არა დაჯილდოვდეს შემოსავლების ახალი ნაკადებით. უნდა გაძლიერდეს, რომ გაიმარჯვოს“, – აღნიშნავს მინისტრი.
როგორც ბუდრისი წერს, ევროპამ საკუთარი გამოცდილებიდან იცის, რომ რუსული გაზი არ არის მხოლოდ პროდუქტი – ეს არის გეოპოლიტიკური იარაღი, რადგან ათწლეულების განმავლობაში მოსკოვი ენერგომატარებლების ექსპორტს ევროპაზე ზემოქმედების ბერკეტად იყენებდა.
„მასზე დამოკიდებულებამ კრემლს მისცა საშუალება, დაეფინანსებინა ომები, დაეშანტაჟებინა ქვეყნები და ძირი გამოეთხარა ევროპის უსაფრთხოებისთვის. რუსული გაზის იმპორტის დაბრუნების მხოლოდ განხილვაც კი იქნება ისტორიული შეცდომა“, – წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.
კესტუტის ბუდრისის განცხადებით, ვიდრე ზოგიერთი ევროპელი ლიდერი კვლავ ეჭიდება რუსული ენერგორესურსების მიწოდებებს და არ სურს, ალტერნატივების დანახვა, ლიეტუვა არის ცოცხალი მტკიცებულება, რომ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობა შესაძლებელია.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ლიეტუვა ევროკავშირის პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც სრულიად შეწყვიტა რუსული გაზის იმპორტი 2022 წლის აპრილში. მას შემდეგ კი მოახერხა ენერგიის წყაროების დივერსიფიცირება და განახლებად წყაროებში ინვესტირება.
„ევროპა უნდა დარჩეს სწორ გზაზე – არ დაუშვას რუსული გაზი, გაამკაცროს სანქციები რუსეთის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ, მხარი დაუჭიროს უკრაინას და ინვესტირება მოახდინოს ენერგეტიკულ გრძელვადიან უსაფრთხოებაში. სხვა დანარჩენი იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი“, – წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.
მანამდე გამოცემა „ფაინენშელ თაიმსი“ წერდა, რომ ევროკავშირის რიგი ქვეყნების ოფიციალური პირები ევროპაში რუსული გაზის მიწოდების განახლების შესაძლებლობას განიხილავენ, როგორც უკრაინის ომის დასრულების სავარაუდო სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთ პუნქტს.
წყარო: 1 არხი