“დედაჩემს დაუწყო ჯაჯგური, მაინც წაგიყვანთო” – როგორ დასრულდა ჩხრეკა ნენსი ვოლანდის სახლში

დღეს, 1-ელ თებერვალს პოლიციამ რამდენიმე აქტივისტის სახლი გაჩხრიკა. მათ შორის, ფეისბუქ ჯგუფ დაიტოვეს დამფუძნებლისა და ერთ-ერთი ლიდერის, ქრისტინე ბოტკოველის, იგივე ნენსი ვოლანდის.
როგორც იურისტმა ანა გახოკიძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას თქვა, ბოტკოველს დაახლოებით 14:00 საათზე უცნობმა კაცმა დაურეკა, არ გაეცნო, სახელი არ უთხრა, თუმცა მიუთითა, რომ იყო პოლიციიდან. მან აქტივისტს უთხრა, რომ 5 წუთში მასთან პოლიციელები მივიდოდნენ, მას კი დაუყოვნებლივ უნდა გაეღო კარი. წინააღმდეგ შემთხვევაში სახლში ძალის გამოყენებით შეჭრით დაემუქრნენ.
ამის შემდეგ, ბოტკოველმა სოციალურ ქსელში დაწერა და ადვოკატებს დაურეკა. პოლიციელები მასთან ადვოკატების მისვლამდე მივიდნენ, თუმცა ცნობილია, რომ ჩხრეკა მხოლოდ ადვოკატ შოთა თითბერიძის მისვლის შემდეგ დაიწყო.
“დროშა იპოვეს და ლუქავდნენ. დროშა უნდა წავიღოთო. კონსტრუქციული გარემო იყო, მაგრამ ამას მოჰყვა ცოტა ირონიული დამოკიდებულება ჩვენი მხრიდან, რომ დროშა რად გინდათ და ა.შ. ლუქავდნენ რეალურად. უნდოდათ წაღება, რის შემდეგაც ვუთხარით, რომ ნენსის აქვს აქ ფარდად, კარის ნაცვლად ჩამოკიდებული, ევროკავშირის დროშა. ვუთხარით, რომ ბარემ ფარდაც ჩამოხსენით და ეგეც წაიღეთო. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ გადაამოწმეს, გადარეკეს და თქვეს, არა, დროშა არ გვინდაო. თუმცა, სხვა ტიპის … ბრენდირებული რაც იყო … დიდი ოდენობით არაფერი არ იყო. იყო რამდენიმე პირბადე, რამდენიმე პლედი, დალუქეს და წაიღეს”, – იხსენებს ჩხრეკის დეტალებს თუთბერიძე.
ჩხრეკის დასრულების შემდეგ, პოლიციელებმა სახლი დატოვეს. თუმცა, რამდენიმე წუთში, დაბრუნდნენ და ბოტკოველის დედას, რომელიც ჩხრეკას მოწმის სტატუსით, როგორც ბინის მეპატრონე ესწრებოდა, ტელეფონი წაართვეს. როგორც ბოტკოველი ამბობს, დედა ვიდეოს იღებდა, რა დროსაც მასთან ერთ-ერთი პოლიციელი მივარდა და ტელეფონი ძალით წაართვა. ამის გამო აქტივისტი ცუდად გახდა. როგორც თავად ამბობს, აქვს პრე-დიაბეტი, განერვიულდა და დაეწყო პანიკური შეტევა. საჭირო გახდა სასწრაფოს გამოძახება.
“დედაჩემს რა უქნეს?! მაგაზე გავხდი ცუდად. აქეთ ვიდექი და დედაჩემი ხომ იღებდა – ჩხრეკა დასრულებული იყო -, ვიღაცა შემოვიდა, ვიღაცა გიორგი, რომელიც ნენსით მომმართავდა ეს ყველაზე საგულისხმო არის, ვითომ ძალიან კეთილგანწყობილები რომ არიან შენს მიმართ, აქ დედაჩემი იდგა და რომ იღებდა, ჩაავლო ხელი უცებ – დედაჩემს წელის პრობლემა აქვს და შეიძლება რაღაცა დამართნოდა – და დაუწყო ჯაჯგური. მე ეგ რომ დავინახე, გამოვიქეცი, რომ არაფერი ექნათ”, – ამბობს აქტივისტი.
ამის შემდეგ, მასთან მივიდა კიდევ ერთი პოლიციელი, რომელიც ცდილობდა დაერწმუნებინა, რომ გამოკითხვაზე გაჰყოლოდა. როგორც შოთა თუთბერიძე ჰყვება, მან ვოლანდი კედელთან მიიმწყვდია და იძულებით ცდილობდა მის დარწმუნებას.
“ჩხრეკის დასრულების შემდეგ, პირდაპირი მნიშვნელობით შემოვარდა რამდენიმე ადამიანი – ფეხით დაიჭირეს კარი. ერთ-ერთი იყო უფროსი, რომელმაც ტელეფონი წაართვა ბინის მესაკუთრეს, ნენსი დაიმარტოხელა და უთხრა, თუ ახლა შენი ნებით არ გამოგვყვები, უშნო რაღაცების გაკეთება მოგვიწევსო. ცდილობდა, რომ წაეყვანა “ნებაყოფლობით” გამოკითხვაზე პოლიციაში,ჩემი მანქანით წაგიყვანთო და ა.შ. ჩვენ განვაცხადეთ უარი. მიუხედავად ამისა, ეს პოლიციელები აქ რჩებიან. არ ვიცი, რატომ რჩებიან. ეს არის სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. […] რაც სიმპტომატურია და რაც არის სანერვიულო ჩვენთვისაც და ყველასთვისაც, ვისთანაც მსგავსი საგამოძიებო მოქმედება ტარდება და რაც გახდა ყოველდღიური პრაქტიკა უკვე, ბოლო თვეების განმავლობაში, არის ის, რომ პოლიციელმა პირდაპირ უთხრა, რომ თუ მის დავალებას არ შეასრულებდა და არ გაჰყვებოდა პოლიციის განყოფილებაში – რისი მოთხოვნის უფლებაც, ბუნებრივია მას არ აქვს – ამ შემთხვევაში უშნო რაღაცების გაკეთება მოგვიწევსო”, – ამბობს თითბერიძე.
ის ვარაუდობს, რომ “უშნო რაღაცების გაკეთებაში” პოლიციელები მტკიცებულებათა ფალსიფიცირებას გულისხმობდნენ.
“იმ ადამიანმა მითხრა, რომ თუ ასე არ წამოხვალ, მერე უშნო რაღაცები უნდა ვაკეთოთ და მაინც წაგიყვანო. რატომ მითხრა ეგ? მე უფლებები არ მაქვს?”, – ასე მიმართა ბოტკოველმა მის ბინაში მყოფ ერთ-ერთ პოლიციელს, თუმცა მან, ისევე როგორც თითქმის ყველა სხვა შემთხვევაში, პასუხი არ გასცა.
ინციდენტის შემდეგ ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ ფეისბუქ-ლაივი ჩართო, რასაც პოლიციელების უკმაყოფილება მოჰყვა. ჩანაწერში ჩანს, რომ პოლიციელები ადვოკატს აგრესიულად და ირონიულად მიმართავდნენ, არ პასუხობდნენ კითხვებზე და გადაღების გამო პროვოკატორს უწოდებდნენ. უფრო მეტიც, ერთ-ერთმა პოლიციელმა თითბერიძისთვის ტელეფონის წართმევაც სცადა.
პოლიციელები ბინაში საგამოძიებო მოქმედებების დასრულებიდან კიდევ დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში დარჩნენ. ამ ხნის განმავლობაში ადვოკატი ცდილობდა გაერკვია, რა სტატუსით იმყოფებოდნენ ისინი სხვის კერძო საკუთრებაში, როცა განჩინებით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებები დასრულებული იყო. თუმცა, პოლიციელებისგან პასუხი ვერ მიიღო. ისინი რჩებოდნენ როგორც ბინაში, ისე ბინის წინ, სადარბაზოში, სადაც არ უშვებდნენ ბოტკოველის მეგობრებსა და გულშემატკივრებს, რომლებიც ეზოში იყვნენ შეკრებილები. გარდა ამისა, ისინი სახლიდან არ უშვებდნენ ბოტკოველის დედას. თუმცა, ადვოკატის კითხვას, რის საფუძველზე აკავებდნენ მას ბინაში, არ უპასუხეს.
სასწრაფოს მოსვამდე პოლიციელები ცდილობდნენ აქტივისტთან კომუნიკაციას და გარკვევას, გაჰყვებოდა თუ არა ის გამოკითხვაზე განყოფილებაში. შოთა თითბერიძის თქმით, ამის შესახებ მათ პოზიცია არაერთხელ დააფიქსირეს, თუმცა პოლიციელებმა მაინც არაერთხელ, ამჯერად, კამერის თანდასწრებით გაუმეორეს კითხვა. ამ დროს ბოტკოველს პანიკური შეტევა ჰქონდა, აკანკალებდა და ტიროდა, პოლიციელი კი მას დამშვიდებისკენ მოუწოდებდა.
“არ ვარ მშვიდად, ცუდად ვარ ზურაბ, ცუდად ვარ. პანიკის შეტევა მაქვს, შაქარი მაქვს, ახლა დამივარდება და თუ მოვკვდი აქ, ეგ იქნება თქვენი ბრალი. იმიტომ, რომ უსამართლოდ იქცევით”, – მიმართა მან ერთ-ერთ პოლიციელს.
სასწრაფოს ექიმებმა თქვეს, რომ ბოტკოველს პანიკური შეტევა სტრესისა და ნერვიულობის ფონზე ჰქონდა და დამამშვიდებელი დაალევინეს. ამის შემდეგ მას გარკვეული პერიოდი ჩაეძინა, თუმცა პოლიციელები გაურკვეველი მიზეზით მაინც რჩებოდნენ სახლის კართან.
ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მათ განუმარტა, რომ გამოკითხვას მხოლოდ მოსამართლის წინაშე დათანხმდებოდნენ და არ სურდათ ახლა გაჰყოლოდნენ განყოფილებაში.
საბოლოოდ, ჩხრეკის დასრულებიდან დაახლოებით ორ საათის შემდეგ, პოლიციელებმა ბოტკოველის დედას ოქმზე მოაწერინეს ხელი და წავიდნენ. დაუბრუნეს ტელეფონიც, თუმცა იქამდე სთხოვდნენ, წაეშალა ვიდეო, რომლის გადაღების დროსაც წაართვეს მობილური.
ქრისტინე ბოტკოველის გარდა დღეს პოლიციამ გაჩხრიკა “დაიტოვეს” კიდევ ერთი ლიდერის, ილია ღლონტის სახლი. ჩხრეკის შემდეგ ის განყოფილებაში გადაიყვანეს.
პოლიცია იყო შესული ისაკო დევიძის სახლშიც. ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, პოლიციელზე წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით და 226-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ურიადმყოფელი: 1992 წლის 2 თებერვალს, ჯაბას ეს სიტყვები მისმა ბანდამ სისრულეში მოიყვანა და თამარ მეფის გამზირზე მიმავალი დემონსტრაცია ავტომატების ჯერით ჩაცხრილა. შედეგად დაიღუპა 23 და დაიჭრა 186 ადამიანი