მშენებლობაში მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო შეღავათის გაუქმებით ბიუჯეტში 200 მილიონი ლარი შევა – რომან გოცირიძე

სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი მშენებლობაში მცირე მეწარმეებისთვის საშემოსავლო გადასახადის შეღავათის გაუქმებას სპეციალური პოსტით სოციალურ ქსელში აფასებს.
მისი განმარტებით ამ გადაწყვეტილებით 200 მილიონი ლარი შევა ბიუჯეტში, რაც საერთაშორისო იზოლაციის ფონზე მნიშვნელოვანია ხელისუფლებისათვის.
მისთვის ნაკლებად მოსალოდნელად მიაჩნია, რომ ცვლილება დასაქმებულების ხელფასებს შეამცირებს.
“ყველა დაქირავებული იხდის საშემოსავლოს ხელფასიდან 20 პროცენტის ოდენობით. სამშენებლო სექტორში იპოვეს ხვრელი-დაქირავებულ მუშებს აფორმებდნენ ინდმეწარმეებად და ისინი იხდიდნენ შემოსავლიდან 1 პროცენტს. სინამდვილეში ამ გადასახადს იხდის დამქირავებელი და ბიუჯეტისთვის ის უკავებს ფულს დაქირავებულს.
დღეიდან მცირე მეწარმეებისათვის დაწესებული ეს შეღავათი მშენებლობის სექტორში უქმდება. ამის წინააღმდეგ წავიდა პარლამენტში სამშენებლო ლობი, მაგრამ კანონი მაინც ამოქმედდა. რატომ აწყენინა მთავრობამ კალაძეს და კომპანიას, იმ მშენებლებს, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებულები ოცნებასთან? იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილებით 200 მილიონი ლარი შევა ბიუჯეტში. საერთაშორისო იზოლაციის ფონზე ეს ფული საკმაოდ მნიშვნელოვანია ხელისუფლებისათვის.
მოკლედ რომ ვთქვათ, დღემდე სამშენებლო სექტორის დიდი ნაწილი საშემოსავლო გადასახადს ფაქტობრივად არ იხდიდა, რაც დარგობრივი შეღავათის ნაირსახეობაა, რაც არასწორია სამართლიანი კონკურენციის თვალსზრისით.
ჩნდება კითხვა-ჩვეულებრივი დაბეგვრის რეჟიმში გადასვლა ხომ არ მოხდება მუშებისათვის ხელფასების შემცირების ხარჯზე? არა მგონია. ამ დარგში დიდი კონკურენციაა, ფიზიკურად აქტიური სამუშაო ძალისგან კი იცლება ქვეყანა. კვალიფიციური მუშის მოძებნა არაა ადვილი შრომის ბაზარზე”,- წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.
დღეიდან, 2025 წლის 1-ლი თებერვლიდან, სამშენებლო სექტორში დასაქმებულებს შეღავათები უუქმდებათ. საქმე ეხება საშემოსავლო გადასახადს, რომელიც დღემდე სექტორში დასაქმებული მცირე მეწარმეებისთვის 1%-ს შეადგენდა.
თუმცა, 1-ლი თებერვლიდან, თუ სამშენებლო სექტორში დასაქმებული პირები მომსახურებას გაუწევენ ორგანიზაციას, საწარმოს ან მეწარმე ფიზიკურ პირს მცირე მეწარმის სტატუსით ვერ ისარგებლებენ და 1%-ის ნაცვლად, 20%-ით დაიბეგრებიან. შედეგად, მათი დაქირავება გაუძვირდება სამშენებლო სექტორსაც.
აღსანიშნავია, ისიც რომ სამშენებლო სფეროს წარმომადგენელ სუბიექტს არ შეეზღუდება ფიზიკური პირებისთვის მომსახურება და ამ შემთხვევაში კვლავ შეეძლებათ მცირე მეწარმის სტატუსი მიიღონ და მხოლოდ 1%-იანი საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრებიან.