კომერციულ ბანკებში ლარში გახსნილ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდა, უცხოურ ვალუტაში – გაიზარდა – ამაზე მიუთითებს საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკა.
უფრო კონკრეტულად, 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ეროვნულ ვალუტაში გახსნილ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი 9.62%-ს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.17%-ით ნაკლებია, 2023 წლის დეკემბერს ანაბრებზე საშუალო განაკვეთი 10.79%-ს შეადგენდა.
რაც შეეხება უცხოური ვალუტის დეპოზიტებს, აქ ზრდა ფიქსირდება. უფრო კონკრეტულად, 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით უცხოურ ვალუტაში გახსნილ ანაბრებზე საშუალო საპროცენტო სარგებელი 2.18%-ს შეადგენდა, 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით კი 2.89% იყო.
საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარდა) მოცულობამ 2024 წლის დეკემბრის ბოლოსათვის 58.34 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 371.92 მილიონი ლარით, 0.64%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.24%-ით მეტი). დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები შემცირდა 151.99 მილიონი ლარით, ანუ 0.57%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.97%-ით შემცირდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 523.91 მილიონი ლარით, ანუ 1.67%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 1.27%-ით)
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2024 წლის დეკემბრის ბოლოსათვის 47.23% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 1.08 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.90პროცენტული პუნქტით)
დეკემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა7.16% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.62% , ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.89%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 79.98% , ხოლო ევროს წილმა 18.60% შეადგინა.
წყარო: bpn.ge