ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება რუსულ სამთავრობო მედიაშიც გააშუქეს.
თავად მომხდარის გარდა, უმსხვილესმა სამთავრობო მედიამ – „რია ნოვოსტი“-მ აღნიშნა, რომ ამისდა მიუხედავად, ევროკავშირში გაწევრიანება გარანტირებული ასოცირებული ტრიოსთვის [საქართველო, მოლდოვა, უკრაინა] არ არის.
მაგალითად, „რია ნოვოსტი“ წერს:
„ამავე დროს, სტატუსი, როგორც ასეთი, ისევე როგორც მოლაპარაკებების დაწყება, არ ნიშნავს, რომ ქვეყანა ევროკავშირში აუცილებლად გაწევრიანდება. ეს ნაბიჯები ბრიუსელს არაფერს ავალდებულებს. ასე, თურქეთი კანდიდატი 1999 წლიდანაა, ჩრდილოეთ მაკედონია 2005-დან, მონტენეგრო 2010-დან, სერბეთი 2012-დან“.
მსგავსია „ტასს“-ის ნარატივიც:
„მოლაპარაკებების დაწყება არ ადგენს კონკრეტულ დროს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მოლაპარაკებები შეიძლება გაურკვეველი დროით გაგრძელდეს. მაგალითისთვის, თურქეთის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 2005-ში დაიწყო, პერსპექტივები კი დღემდე არაა ნათელი“.