რა გავლენას იქონიებს ახალი რეგულაციები სამშენებლო სექტორზე?

2025 წელი სამშენებლო სექტორისთვის რთული გამოწვევებით დაიწყო. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვები შემცირებულია, ბიზნესი უფრო და უფრო აქტიურად საუბრობს კრიზისზე და სწრაფი დეესკალაციის აუცილებლობაზე. ბაზარზე არსებული მოლოდინები სექტორის მომიჯნავე მიმართულებებსაც გადაეცემა, უპირველესად სამშენებლო მასალების მწარმოებლებსა და იმპორტიორებზე, გაყიდვების შემცირების მოლოდინი აქვთ ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ასევე სახლის მოწყობასთან დაკავშირებულ კომპანიებსა და ადგილობრივ მწარმოებლებს.
საქმეს ართულებს სექტორში ამოქმედებული ახალი რეგულაციებიც.
არმატურა — მშენებლობის ჩონჩხი
არმატურა მშენებლობის საფუძველია, ის ფაქტობრივად მშენებლობის ჩონჩხია. ახლა კი დაბეგვრის ახალ რეჟიმში მოექცა და როგორც მთავრობის 31 დეკემბრის დადგენილებაში წერია, 1 ტონაზე ტარიფი 420 ლარით განისაზღვრება. რეგულაცია დროებითია, ის 25 იანვარს ამოქმედდა და 1-ელ სექტემბრამდე გასტანს.
რა გავლენას მოახდენს ცვლილება ბაზარზე ჯერჯერობით რთული სათქმელია. ერთი შეხედვით, ცვლილებამ ადგილობრივი წარმოება უნდა წაახალისოს, მაგრამ მეორე მხრივ, თუ ადგილობრივი წარმოების არმატურა თვითკმარი არ იქნება, სამშენებლო ინდუსტრიისთვის ამ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, მშენებლობა გააძვიროს ან მცირე და საშუალო იმპორტიორებს გარკვეული პრობლემა შეუქმნას.
გასათვალისწინებელია, ისიც რომ „გალთ ენდ თაგგარტის“ მონაცემებით, 2023 წელს ქვეყანაში არმატურის მოხმარების მაჩვენებელმა 558 მლნ კგ.-ს მიაღწია. ამ პერიოდში წარმოება ქვეყანაში 14.5%-ით შემცირდა და მოთხოვნა იმპორტმა დააკომპენსირა. ამ პერიოდში გაორმაგდა დან და ირანიდან არმატურის იმპორტიც.
არმატურის ბაზარზე მდგომარეობა რომ არასახარბიელოა, ამას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ რუსული და ირანული წარმოების არმატურის სავარაუდო დემპინგური იმპორტის საკითხის შესწავლის დაწყებაც (2024 წლის ივნისში) ადასტურებს. საფუძველი საქართველოს მწარმოებელთა ასოციაციის განცხადება გახდა, სააგენტომ კი ერთწლიან ვადაში უნდა დაასრულოს კვლევა, რომელმაც უნდა გამოკვეთოს არის თუ არა დემპინგი ბაზარზე და რა გავლენა აქვს მას ადგილობრივ მწარმოებლებზე.
არმატურა საქართველოსთვის უმსხვილეს საიმპორტო პროდუქციის წამყვან ათეულშია. საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს ქვეყანაში 212,2 მლნ დოლარის 373 557 ტონა არმატურა შემოვიდა. 2023 წელთან შედარებით თანხობრივ მაჩვენებელში 56%-იანი ზრდაა, მოცულობაში კი თითქმის 63%-იანი. სამაგიეროდ 593 დოლარიდან 568 დოლარამდე არის შემცირებული ტონა არმატურის იმპორტის საშუალო ფასი. ძირითადი იმპორტიორი რუსეთი და ირანია. პირველ შემთხვევაში, საშუალო საიმპორტო ფასი 572 დოლარი, ირანის შემთხვევაში — 548 დოლარი, მესამე პოზიციაზე მყოფი აზერბაიჯანიდან იმპორტირებული არმატურის ფასი $ 627, თურქული წარმოების — $ 699.
არმატურა მცირე რაოდენობით საქართველოდანაც გადის ექსპორტზე, თუმცა 2024 წელს მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, 8-ჯერ გაუმჯობესდა, საშუალო საექსპორტო ფასი კი 674 დოლარიდან 599 დოლარამდე შემცირდა.
ცვლილებები სამშენებლო სექტორში დასაქმებულებისთვის
ცვლილებებია სამშენებლო სექტორში დასაქმებული მეწარმეებისთვისაც. მათთვის გადასახადები ოცმაგდება. ისინი, როგორც მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირები შეღავათით სარგებლობდნენ, თუმცა ეს შეღავათი უქმდება და უკვე 1-ლი თებერვლიდან 1%-ის ნაცვლად 20%-ით დაიბეგრებიან.
სამშენებლო სექტორში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში უძრავი ქონების თვითღირებულებას გააძვირებს და როდესაც ბაზარზე მოთხოვნა მცირდება და უძრავი ქონების თვითღირებულება იზრდება, მსგავსი გადაწყვეტილებები სექტორისთვის რისკის შემცველია.
რეგულაციის ამოქმედებით კი ბიუჯეტი 200 მილიონი ლარის მობილიზებას გეგმავს.
სამშენებლო მასალების სექტორი ციფრებში
სამშენებლო და სარემონტო მასალების ინდუსტრია საქართველოში საკმაოდ მზარდია და ქვეყნის ეკონომიკაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ამ დროისთვის 2024 წლის სრული მონაცემები გამოქვეყნებული არ არის, თუმცა „გალთ ენდ თაგგარტის“ მონაცემებით, 2018-2023 წლებში სექტორის შემოსავლები 12%-ით გაიზარდა და 2023 წელს 5 მლრდ დოლარს გადააჭარბა.
მთლიანობაში ბრუნვის 2/3 იმპორტირებულ პროდუქციაზე მოდის. ადგილობრივი წარმოების წილი კი მცირე. თუმცა განსხვავებული მდგომარეობაა სექტორებს შორის, მაგალითად, სამშენებლო მასალების სექტორში იმპორტდამოკიდებულება შედარებით მცირეა, საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ავეჯისა და სარემონტო მასალების სფეროში — მაღალი.
კვლევის მიხედვით, კოვიდის შემდეგ მშენებლობის სწრაფი აღდგენისა და ფასების გაძვირების ფონზე, სამშენებლო მასალების სექტორის შემოსავალი 2020-2023 წლებში გაორმაგდა.
შემოსავლები 2017-23 წლებში გაეზარდა სარემონტო მასალების სექტორსაც და 2,4 მლრდ დოლარს მიაღწია. ამ შემთხვევაში იმპორტი ადგილობრივ ბაზარზე უფრო სწრაფად იზრდება, თუმცა პლასტმასას, მეტალის პროდუქტებსა და კაბელების წარმოებაში ზრდა ორნიშნაა.
სამშენებლო და სარემონტო მასალების გავლენა ეკონომიკასა და სამშენებლო სექტორზე მნიშვნელოვანია. სწორედ ამ ბაზრებზე არსებული მდგომარეობა განსაზღვრავს მშენებლობის ღირებულებას. სხვადასხვა კომპონენტზე ფასების ცვლილება, რეგულაციები ან პოლიტიკური რყევები გავლენას ახდენს უძრავი ქონების ფასებზე, გაყიდვებზე, დასაქმების მაჩვენებელსა და ეკონომიკურ ატივობაზე.
წყარო: um.ge