ჰოტელიერი მაიკო მურაჩაშვილი ამბობს, რომ გუდაურში, გასულ წელთან შედარებით, უკეთესი ვითარებაა. როგორც მან BMG-სთან განაცხადა, გაზრდილია როგორც ჯავშნები, ასევე გათეული ღამეების რაოდენობა და საშუალო დღიური ფასი.
Hotel Roshe Gudauri-ის და West Inn Georgia – Kutaisi-ის მმართველმა პარტნიორმა BMG-სთან მიმდინარე ტენდენციებზე საუბრისას აღნიშნა, რომ გუდაურში სასტუმროს ძირითადად უცხოელი ვიზიტორები სტუმრობენ.
„გუდაურის ნაწილში შარშანდელთან შედარებით საშუალო დღიური ფასი (ADR) გაზრდილია, დაჯავშნის ნაწილშიც დატვირთულობა მომატებულია. მაგალითად იანვარში, შარშან გვქონდა 56% დაახლოებით, დღეის მდგომარეობით უკვე 81%-ს გადავცდით. ასევე, ახალი წლის პერიოდი 100%-ით დატვირთული იყო. თებერვალს რაც შეეხება, წინასწარი ჯავშნებით უკვე არის 76% და ველით, რომ საშუალოდ 15-20% კიდევ დაემატება, შესაბამისად თებერვალიც კარგი ჩანს.
ადგილობრივები მინიმალური რაოდენობითაა, ტურისტები ძირითადად არიან საუდის არაბეთიდან, ე.წ. გალფის ქვეყნებიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან, ისრაელიდან. ასევე, ჩემპიონატები რომ ტარდება, ჯავშნები კეთდება მაგალითად, გერმანიიდან. საკმაოდ მრავალეროვან ტურისტებს ვიღებთ. ასევე, რაც სასიამოვნოა, შარშანდელთან შედარებით გაზრდილია დარჩენის დღეების რაოდენობაც. გასულ წელს თუ 3 დღე იყო საშუალოდ, წელს 5-7 დღეა“, – ამბობს მაიკო მურაჩაშვილი.
რაც შეეხება ქუთაისს, ჰოტელიერის თქმით, მძიმე სიტუაციაა და მაჩვენებლები გაუარესებულია. იმ ფონზე, რომ წინა წლისგან განსხვავებით, სასტუმროს არ აქვს ჯავშნები კონფერენციებზე თუ სპორტული ჯგუფებისგან, საოპერაციო ხარჯების დაფარვას ვერ ახერხებს და დამფუძნებლების დონაციაზეა გადასული.
„გასულ წელთან შედარებით ჯავშნების რაოდენობაც შემცირებულია და ADR-იც. ქუთაისის სასტუმრო უკვე დეკემბრიდან გვყავს გადაყვანილი დამფუძნებლების დონაციაზე, ასე ვთქვათ ხელოვნურ სუნთქვაზე გვყავს. ჩვენს სასტუმროს 200 დელეგატზე გათვლილი საკონფერენციო სივრცე აქვს. შარშან, დეკემბერში, იანვარში, თებერვალში და მარტშიც, ანუ დაბალ სეზონზე, ძალიან კარგად ვიმუშავეთ. ამ პერიოდში მაღალ შემოსავალს ნამდვილად არ ველით ხოლმე, მაქსიმუმი მიღწევაა საოპერაციო ხარჯების დაფარვა და გასულ წელს სასტუმრო თავის საოპერაციო ხარჯებს ისტუმრებდა. გვქონდა კონფერენციები განთავსებით, ფედერაციები, სპორტული ჯგუფები და ამ მიმართულებით ვიმუშავეთ. რიგი პარტნიორი კომპანიები გვეუბნებიან, რომ კონფერენციებს მარტიდან დაიწყებენ“,- აცხადებს მაიკო მურაჩაშვილი.
ჰოტელიერი ქვეყანაში სტაბილურობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, ეს ფაქტორი ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ამასთან, მაიკო მურაჩაშვილის თქმით, არსებული ჯავშნების გათვალისწინებით, პოზიტიური მოლოდინები არ აქვს.
„მოლოდინები ძირითადად მაინც დამოკიდებული იქნება პოლიტიკურ სტაბილურობასა და სიმშვიდეზე. ჩემმა პარტნიორებმა ისრაელიდან, იმის მიუხედავად, რომ ბორტების რაოდენობა გაზრდილია და თვითონ აქვს ისრაელს მოთხოვნილი ბორტების რაოდენობის ზრდა, რომ მეტი სიხშირით იყოს ფრენები, გაგვაფრთხილეს, რომ განიხილავენ სხვა მიმართულებასაც, თუ საქართველოში ერთი თვის ვადაში სიმშვიდე არ იქნება. ზამთრის კურორტს დიდად არ შეუშალა ხელი თბილისში მიმდინარე მოვლენებმა, რადგან ზამთრის კურორტი ლოკალიზებულია და კონკრეტულად იქ უნდა ხდებოდეს რამე, რომ სტუმარი არ ჩამოვიდეს. ზაფხულის ტურისტი, რომელიც მოძრაობს ქვეყანაში, დედაქალაქიდან ბათუმამდე, მთაში, ზღვაზე, აქ სტაბილურობა უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. შარშანდელთან შედარებით წინასწარი ჯავშნები ცოტა უფრო ნაკლებია. გასულ წელს, ამ პერიოდში, ორივე სასტუმროში უკვე გაკეთებული იყო ჯავშნების 40-50%. იანვრის ბოლოს ზაფხულის მოლოდინი უკვე გამოკვეთილია ხოლმე და ჯერჯერობით არც თუ ისე სახარბიელოდაა გამოკვეთილი“, – ამბობს ჰოტელიერი.
