“იანვარში სასტუმროს დატვირთულობა 80%-მდე ადის” – Paragraph Shekvetili

ზამთრის თვეებში შეკვეთილში არსებულ სასტუმრო Paragraph Resort and Spa Shekvetili დატვირთულობა მაღალი და 80%-ს აღწევს, – ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის მარკეტინგისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ირინა ადეიშვილმა განუცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, დამსვენებლების მხრიდან აქტივობა შედარებით მაღალი იანვრის თვეშია, განსაკუთრებით კი – უქმე დღეებში.
“Paragraph Shekvetili-ში დეკემბერში ძალიან მაღალი დატვირთულობა გვქონდა, კარგი მაჩვენებელია იანვარშიც. შეკვეთილზე, ზოგადად, ამინდები ძალიან მოქმედებს ხოლმე, ახლა საკმაოდ კარგი ზამთარი გვაქვს და დატვირთულობის კუთხით, იანვარში, 70-80%-მდე ადის. ძალიან კარგი იყო შარშანდელი წელიც და წლიდან წლამდე ზრდა გვაქვს.
ბუნებრივია, განსაკუთრებული აქტიურობა იანვრის პირველ ნახევარშია, არდადეგების პერიოდში. ახლა პარასკევ-შაბათ-კვირას, უქმე დღეებში. რაც შეეხება თებერვალს, [ჯავშნების მიხედვით,] იმედის მომცემი სურათი გვაქვს”, – აღნიშნავს ირინა ადეიშვილი.
“პარაგრაფის” მარკეტინგისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელის ცნობით, სასტუმროში დამსვენებლები, ძირითადად, ადგილობრივები არიან, რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, ის მოთხოვნის მიხედვით, ავტომატურად რეგულირდება.
“შეკვეთილში, ძირითადად, ქართველი დამსვენებლები დადიან. არასეზონზე ფასებიც შედარებით დაბალია. ზოგადად, სისტემა ასეთია, თუ მოთხოვნა მაღალია, როგორც მაგალითად ზაფხულში, ფასი შესაბამისად გენერირდება სისტემის მიერ”, – განმარტავს ადეიშვილი.
“Paragraph Resort and Spa Shekvetili” Autograph Collection-ში შემავალი ბრენდია. 31 იანვრის მდგომარეობით, ვებგვერდის თანახმად, სასტუმროში ერთი ღამით განთავსების ღირებულება $104-ია და ოთახის კატეგორიების მიხედვით იზრდება. სტანდარტული და პანორამული ლუქს ტიპის ნომრის ღირებულება კი $1000-ს აღემატება.