იანვარში ხაჭაპურის ინდექსი 0.2%-ით შემცირდა, წლიურად კი 6.1%-ით გაიზარდა. ინფორმაციას ISET ავრცელებს.
„იანვრის ინდექსმა აჩვენა მცირე, 0.2%-იანი კლება 2024 წლის დეკემბერთან შედარებით. თუმცა, წლიურ ჭრილში, მიმდინარე ფასი 6.1%-ით მაღალია 2024 წლის იანვრის მაჩვენებელზე.
ცალკეული ინგრედიენტების უფრო დეტალური ანალიზი გვიჩვენებს, რომ მათმა უმეტესობამ წლიური ინფლაცია განიცადა: კარაქი (+15.1%), ყველი (+9.5%), საფუარი (+4.5%) და რძე (+1.3%). თუმცა, ამავე პერიოდში კვერცხის (-6.5%) და ფქვილის (-0.2%) ფასებმა კლება აჩვენა.
გლობალურ ბაზარზე ხორბლის ფასი ოქტომბრიდან მცირდება, მსოფლიოში რეკორდული მოსავლის გამო. საერთაშორისო ფასების ცვლილებების ადგილობრივ ბაზრებზე ასახვისთვის საჭირო დროის გათვალისწინებით, ფასის აღნიშნული ვარდნა მოსალოდნელი იყო. ამასთან, საახალწლო სეზონის პიკის შემდეგ, იანვარში, ხაჭაპურის ინგრედიენტების უმეტესობამ მცირედი დეფლაცია განიცადა, გამონაკლისს კარაქი (+3.1%) და კვერცხი (+4.3%) წარმოადგენდა“, – ნათქვამია ISET-ის ანგარიშში.