ბათუმში მზია ამაღლობელის და სხვა დაკავებულების მხარდამჭერი მორიგი მსვლელობა იმართება

ბათუმში მიმდინარეობს მორიგი საპროტესტო დემონსტრაცია გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით. აქციაზე ხმაურია. მობილიზებულია პოლიცია.
17:00 საათისთვის დემონსტრანტებმა გზის სავალ ნაწილზე სცადეს მარშის ჩატარება, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.
ამის შემდეგ დემონსტრანტები ორ ნაწილად გაიყვნენ და ქვეითთა ზებრა-გადასასვლელზე გადად-გადმოდიოდნენ, რითაც ნაწილობრივ ფერხდებოდა საავტომობილო მოძრაობა.
მოგვიანებით დემონსტრანტებმა, რომელთა რაოდენობაც გაიზარდა, მსვლელობა საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე განაგრძეს
აქციის მონაწილეები ითხოვენ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას. ასევე – ს პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის გადადგომას.
დემონსტრაციები, – რომლებიც უფრო ფართო, 28 ნოემბრიდან დაწყებული პროევროპული აქციების ნაწილია, – მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით ყოველდღე ტარდება ბათუმსა და თბილისში.
ბათუმის აქციის პარალელურად, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად მოქალაქეები შეიკრიბნენ თბილისშიც, ომბუდსმენის ოფისთან და სახალხო დამცველს მოუწოდეს, შექმნას ექიმთა კონსილიუმი მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისთვის.
მზია ამაღლობელი, რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება პოლიციელისათვის სილის გაწვნის გამო, მე-20 დღეა, საპატიმროში შიმშილობს. იგი „პოლიციელზე თავდასხმის“ ბრალდებით დააკავეს.
ის ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, – უკვე 12 იანვარს, – ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით.
„მედიის თავისუფლების კოალიციის“ (MFC) წევრი 14 ქვეყნის საელჩოებმა 30 იანვარს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადებით მოითხოვეს მზია ამაღლობელის გათავისუფლება.
ამ ქვეყნების მთავრობების გარდა, საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები, მრავალი უცხოელი და ქართველი პოლიტიკოსი, 300-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი და რედაქტორი მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
29 იანვარს ხელისუფლებას ამაღლობელის გათავისუფლებისკენ მოუწოდა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა იან ბრაათუმ.
30 იანვარს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო’ფლაჰერტიმ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეშფოთებულია ამაღლობელის დაპატიმრებით და იმედოვნებს, ხელისუფლება სწრაფად იმოქმედებს. „ამ საკითხზე მოქმედება სასწრაფოდაა საჭირო, რადგან საქმე სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა“, – გვითხრა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – სლოვაკეთის პრემიერი რუსულ ტრადიციას გაჰყვა, დამნაშავეები „ქართულ ლეგიონში“ ნახა – არ არის გამორიცხული „ოცნებამ“ ბრალდებები წამიყენოს, რადგან საქართველოსა და სლოვაკეთისთვის სცენარი კრემლში იწერება

სალომე ზურაბიშვილი – მცდარი დაშვებაა, თითქოს შეიძლება რეჟიმის იზოლაციის გადაწყვეტილების აღკვეთა არალეგიტიმურ მმართველებთან საკომუნიკაციო გზების შენარჩუნებით – ერთადერთი გზა სახალხო პროტესტის მხარდაჭერა და არჩევნებისკენ მოწოდებაა