ვითხოვთ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას – PACE-ს პრეზიდენტი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE-ს) პრეზიდენტი თეოდოროს რუსოპულოსი ექსკლუზიურად რადიო თავისუფლებასთან საუბარში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან ითხოვს „ბათუმელების“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას.
„მსურს, გამოვეხმაურო ერთ შემთხვევას, რომელიც კარგად არის ცნობილი თქვენი ხალხისთვის. ვსაუბრობ ჟურნალისტ მზია ამაღლობელზე“, – განუცხადა 31 იანვარს პრეზიდენტმა რუსოპულოსმა რადიო თავისუფლების კორესპონდენტს სტრასბურგში, ვაჟა თავბერიძეს.
„ის დაპატიმრებულია, შიმშილობს და ჩვენ – პირადად მე და ასამბლეა – ვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან, გაათავისუფლონ იგი. იმიტომ, რომ ეს არის არასამართლიანი, უსამართლო“, – განაცხადა თეოდოროს რუსოპულოსმა.
„რაც ახლა მასთან დაკავშირებით ციხეში ხდება, ძალიან ახლოს არის წამებასთან“, – გამაცხადა მან.
მზია ამაღლობელი, რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება პოლიციელისათვის სილის გაწვნის გამო, – „პოლიციელზე თავდასხმის“ ბრალდებით, რასაც იურისტები დაუსაბუთებლად მიიჩნევენ, – მე-20 დღეა, საპატიმროში შიმშილობს.
„იმიტომ კი არ [უნდა გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი], რომ მე ამას ვითხოვ, როგორც პრეზიდენტი, არამედ იმიტომ, რომ ამავდროულად ეს არის გზა, რომლითაც საქართველოს მთავრობას შეუძლია დაამტკიცოს, რომ ნამდვილად პატივს სცემს ადამიანის უფლებებს“, – თქვა PACE-ს პრეზიდენტმა.
„მინდა შევახსენო საქართველოს მთავრობასა და პრემიერ-მინისტრს, რომ წელს ჩვენ აღვნიშნავთ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 75 წლის იუბილეს. ასე რომ, ქვეყანამ, – ყველა ქვეყანამ, რომელიც არის ამ დიდი ორგანიზაციის წევრი, რომელიც მხარს უჭერს და პატივს სცემს და ემსახურება ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას და კანონის უზენაესობას, – უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები“, – განაცხადა თეოდოროს რუსოპულოსმა.