დასვენება უსაფრთხოების ნორმების დარღვევით – რატომ მიატოვა Ski პატრულმა ზამთრის კურორტები

სათხილამურო სეზონის გახსნის დღიდან ბაკურიანსა და გუდაურში ტრასებზე Ski პატრული არ გამოჩენილა. კურორტებზე ყოველ წელს საპატრულო დანაყოფი დამსვენებლების უსაფრთხოებას იცავს, თუმცა ტურისტებს წელს დასვენება უსაფრთხოების ნორმების დარღვევის ფონზე უწევთ. საქართველოს ყველა ზამთრის კურორტზე სათხილამურო სეზონი 2016 წლიდან, ყოველ წელს უსაფრთხოების ზომების დაცვით ტარდებოდა, თუმცა 2025 წელი გამონაკლისი აღმოჩნდა.
ზამთრის კურორტების ვიზიტორები და ადგილობრივები ამბობენ, რომ წელს სათხილამურო ტრასებზე თოვლმავალი ტრანსპორტი უკონტროლოდ გადაადგილდება, რაც საფრთხის შემცველია და რასაც შესაძლოა უბედური შემთხვევა მოჰყვეს.
რატომ დარჩა სეზონის პერიოდში სამთო-სათხილამურო კურორტები მოთხილამურე პატრულის გარეშე? ,,კომერსანტმა“ მიზეზების გარკვევა -სთან რამდენჯერმე სცადა, თუმცა უწყებამ ჩვენი კითხვა ყოველ ჯერზე უპასუხო დატოვა. მიზეზების დადგენის მიზნით ჩვენ ბაკურიანსა და გუდაურში მყოფ პირებს დავუკავშირდით. ჩვენი წყარო აცხადებს, რომ კურორტებზე წელს Ski პატრულის არ ყოფნა თბილისში მიმდინარე პროტესტს უკავშირდება. მისი განცხადებით, საპატრულო დანაყოფი კურორტებზე არ გაუშვეს, რადგან დედაქალაქში აქციების ფონზე მეტი თანამშრომლის მობილიზება გახდა საჭირო.
Ski ანუ მოთხილამურე პატრული ტრასებზე სათხილამურო გზით მოსარგებლე პირთა წესების დაცვას აკონტროლებს და დამსვენებლების უსაფრთხოებას იცავს. ტრასებზე დაუშვებელია ალკოჰოლური ან ფსიქოაქტიური ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ სრიალი. რასაც მონიტორინგს Ski პატრული უწევს. დანაყოფის ფუნქცია-მოვალეობებში ასევე შედის: მოსწავლე–მოთხილამურეთა ვარჯიშის არეალის კონტროლი და უსაფრთხოების ზომების დაცვა; სათხილამურო ტრანსპორტზე აკრძალული ტრანსპორტით გადაადგილების აღკვეთა; სათხილამურო გზებზე არსებული მონიშვნების, ნიშნების და უსაფრთხოების ბარიერების კონტროლი.
,,კომერსანტი” თემაზე მუშაობას აგრძელებს. დამატებითი ინფორმაციის მოპოვების შემთხვევაში, ჩვენს მიერ მოძიებულ ინფორმაციას მკითხველს მივაწვდით.