დიპ. პასპორტების მფლობელებისთვის მალდივებში უვიზოდ შესვლაზე მოლაპარაკებები გაიმართება

საქართველოსა და მალდივების მთავრობებს შორის გაიმართება მოლაპარაკებები ორი ქვეყნის დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ქვეყანაში უვიზოდ შესვლასთან დაკავშირებით. ამას ითვალისწინებს “ოცნების” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოცემული განკარგულება.
ამასთან, განკარგულების ტექსტში მითითებულია, რომ ანალოგიური განკარგულება, რაც ორ ქვეყანას შორის ამ საკითხზე მოლაპარაკებების გამართვას ითვალისწინებდა 2019 წელს იყო მიღებული და ის ძალადაკარგულად გამოცხადდა.
რაც შეეხება ორდინარული პასპორტების (წითელი პასპორტების) მფლობელებს, მათ ეს განკარგულება არ ეხებათ. მალდივებში მოქმედებს “ვიზა ჩასვლისას” სისტემა, როდესაც ტურისტულ ვიზიტორებს საზღვარზევე ეძლევათ 30-დღიანი ვიზა.