ქვეყნის ტურიზმის სტატისტიკა მეტ-ნაკლებად გემოვნებიან ტურისტებზე არ დგას – “კოჭბაანის სახლი”

თბილისთან ახლოს, სოფელ კოჭბაანში მდებარე გასტრონომიული სივრცე “კოჭბაანის სახლის” დამფუძნებლის, ანა ზაალიშვილის განცხადებით, ქვეყნის ტურიზმის სტატისტიკა გემოვნებიან ტურისტებზე არ დგას. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.
მისი თქმით, ასეთი ტურისტები გასტრონომიით არ არიან დაინტერესებული. სპეციფიკური აქტივობებით ძირითადად ევროპელი ტურისტები ინტერესდებიან, რომელსაც დარგის წარმომადგენლის განმარტებით, საქართველო ვერ იზიდავს.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში ისეთი ტურისტი შემოვიდეს, რომელსაც გასტრონომიული გამოცდილების მიღება უნდა, ამასთან ტყეში სიარულიც აინტერესებს. ასევე, ტურში მაქვს გადამფრენი ჩიტების ჭიკჭიკის მოსმენა, რაც ძალიან საინტერესოა. ასეთი ტიპის აქტივობით დაინტერესებული ტურისტი ცოტა სპეციფიკურია. ამ მიმართულებით გამორჩეულად დაინტერესებული არიან ევროპელი და ამერიკელი ტურისტები.
ქვეყნის პრობლემაა, რომ საქართველო ფიზიკურად ვერ ახერხებს დააინტერესოს გადამხდელუნარიანი ტურისტი, რომელსაც ცოტა განსხვავებული გემოვნება აქვს.
ჩვენ სათანადო სეგმენტთან უნდა ვიმუშაოთ ისეთი ტურისტის დაინტერესებაზე, რომელსაც პირდაპირ გასტრო აინტერესებს. ფიზიკურად ასეთი ტურისტი ქვეყანას არ გააჩნია. არაბული ქვეყნებიდან გვყავს ტურისტები, რომლის სტატისტიკაზეც დგას მთელი ქვეყანა. სტატისტიკა არ დგას მეტ-ნაკლებად გემოვნებიან სტუმარზე. შესაბამისად, ჩემი მიმართულება არაბული ქვეყნებისთვის არ არის საინტერესო. მე არ მახსოვს პერიოდი, როდესაც ჩვენ არაბულ ჯგუფს, ოჯახს ან სამეგობროს ვუმასპინძლეთ. ისინი არ არიან დაინტერესებული. მე უხეშად რომ ვთქვა, სტუმარს ჩემი ძალებით ვეძებ“, – ამბობს “კოჭბაანის სახლის” დამფუძნებელი.
ანა ზაალიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მათ ბიზნესზე გავლენაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები მათზე ძალიან უარყოფითად აისახა. ტურისტები, რომლებსაც მათი სერვისი ჰქონდათ დაჯავშნილი, ამბობდნენ, რომ ასეთ სიტუაციაში მათთვის სტუმრობა არასასურველი იქნება.