რუსეთის რეგიონებს ისევ დრონებმა შეუტიეს

31 იანვარს, შუაღამის შემდეგ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ს რამდენიმე რეგიონზე. ერთ-ერთი სამიზნე სავარაუდოდ, ვოლგოგრადში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა.
ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათისთვის ვოლგოგრადის არაერთმა მცხოვრებმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ძლიერი აფეთქებები მოხდა ქალაქის იმ რაიონში, სადაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ნავთობის საცავი და თბოელექტროსადგური მდებარეობს.
ვოლგოგრადის ოლქის ხელისუფლებას რომელიმე საწარმოზე დრონებით დარტყმის შესახებ საჯაროდ არაფერი უთქვამს.
ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კომპანია „ლუკოილს“ ეკუთვნის. ამ კომპანიის ქარხანას უკრაინის თავდაცვის ძალებმა 29 იანვარს დრონებით შეუტიეს ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოში.
31 იანვარს, შუაღამის შემდეგ დრონებით შეტევის შესახებ იუწყებოდნენ რუსეთის ვორონეჟის, როსტოვის და იაროსლავის ოლქების გუბერნატორები.
ვორონეჟის გუბერნატორ ალექსანდრ გუსევის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობით, დაშავდა ერთი ადამიანი და დაზიანებულია ერთ-ერთი საწარმოს შენობა. კონკრეტულ საწარმოს გუსევი არ ასახელებს.
როსტოვის ოლქზე დრონებით მასირებული შეტევისა და ერთ-ერთ რაიონში ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების შესახებ იუწყებოდა რეგიონის გუბერნატორი იური სლუსარი.
დილის 8 საათისთვის რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა მონაცემები, რომელთა თანახმად, ღამის განმავლობაში „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 49 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, მათგან 25 როსტოვის ოლქში, 8 – ვოლგოგრადში, 6 – კურსკის ოლქში, 4 – იაროსლავის ოლქში და 2-2 – ბელგოროდის და ვორონეჟის ოლქებსა და კრასნოდარის მხარეში.
ეს ცნობები დამოუკიდებელი წყაროებით დადასტურებული არ არის.
რუსეთთან ომში მყოფ ს რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები.
BBC-ს რუსული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წელს უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე და ყირიმში დრონებით, სულ მცირე, 81-ჯერ შეუტია ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებსა და საწვავის საცავებს.
ფორუმი