ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება, პირველმა, პრეზიდენტმა მიშელმა ამცნო ყველას. სასიხარულო ამბით მალევე დაურეკა ტრიოს ლიდერებს უკრაინაში, მოლდოვაში და რა თქმა უნდა, საქართველოში. ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრის შინაარსზე, სოციალურ ქსელში დაწერა – “მივულოცე ის ისტორიული კურსი, რომელიც ქვეყნებმა დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ აიღეს”. ის, რომ გადაწყვეტილებას რთული დებატები უძღოდა წინ, ამაზე გუშინვე ღიად თქვა.
რთულს ამ დებატებს ვიქტორ ორბანი ხდიდა, რომელიც ბოლო წამამდე ეწინააღმდეგებოდა უკრაინისთვის წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას. საქართველოსთან პრობლემები არ ჰქონია, პირიქით, თბილისის მიმართ ბუდაპეშტის მტკიცე მხარდაჭერა წინასწარ იყო ცნობილი. თუმცა, უკრაინაზე ჯიუტი პოზიციის გამო, არსებობდა რისკი, რომ ევროკომისიას კონსენსუსის არარსებობის გამო, ყველა ქვეყნის საკითხი უფრო ხელსაყრელი დროისთვის გადაედოთ. ასე არ მოხდა. გუშინდელ დღეს ანტიგმირი არ ჰყოლია. ორბანმა “კონსტრუქციული არყოფნის” მექანიზმი გამოიყენა, კენჭისყრას არ დაესწრო და კონსენსუსიც შედგა.
ამ გადაწყვეტილებას მალევე მოჰყვა მილოცვები იმ ევროპელი ლიდერების მხრიდან, რომლებიც ორბანის გადარწმუნებაში მონაწილეობდნენ და ეს წარმატებით გამოუვიდათ. მათ შორის იყო საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც, რომელმაც უკრაინას, საქართველოს, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცოგოვინას დაწინაურება მიულოცა. “თქვენ ევროპული ოჯახის შეუცვლელი ნაწილი ხართ და იმსახურებთ თავისუფალ და დემოკრატიულ ერებთან ცხოვრებას. ვამაყობ ამ ღამით” – ასე მოულოცა საქართველოს ლატვიის პრეზიდენტმა. “ისტორიული დღეა ყველა ჩვენგანისთვის”- წერს მისი მეზობელი ესტონეთის ლიდერი.