პოლიციელზე ხელის აღმართვა მაქსიმალურად მკაცრად უნდა იყოს დასჯილი – კობახიძე

“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, მ მზია ამაღლობელის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ “პოლიციელზე ხელის აღმართვა” მაქსიმალურად მკაცრად უნდა დაისაჯოს. მან თავადვე აღნიშნა, რომ ამაღლობელის საქმის განხილვა ჯერ არ დასრულებულა და ის მხოლოდ ე.წ. წინასწარ პატიმრობაშია, მაგრამ მაინც მიუთითა მოსალოდნელი სასჯელის ფორმასა და სიმკაცრეზე.
ეს განცხადება მან იმ კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რატომ არ არიან ასეთივე მიდგომით დასჯილები ის სამართალდამცველები, რომლებიც პროევროპული აქციების მონაწილეებს სასტიკად უსწორდებიან. მათ შორის, პოლიციის განყოფილებებში.
“არის შემთხვევები, სადაც წარიმართება გამოძიება, სადაც საქმე ეხებოდა ძალის გადაჭარბებას. თქვენ იცით, რომ იქ იყო, მათ შორის, ნიღბები. შესაბამისად, იდენტიფიცირება არის რთული კონკრეტული დანაშაულების და ა.შ. მაგრამ, ამ შემთხვევაში, საუბარია დანაშაულზე, რომელიც ღიად ჩაიდინა კონკრეტულმა პირმა კამერების წინაშე. ანუ, აბსოლუტურად ცხადია ეს დანაშაული. რაც შეეხება თანაზომიერებას, მე შეგახსენებთ, რომ ჯერ სასჯელიც არ არის შეფარდებული. არის წინასწარი პატიმრობა. მე ყველას მინდა ვუთხრა – ამას პრევენციისთვისაც აქვს, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა – მე ამას ვამბობ როგორც იურისტი: როდესაც ადამიანი შეურაცხყოფს პოლიციელს, იქ უნდა იყოს მაქსიმალურად მკაცრი ზომები მიღებული, იმისათვის, რომ სახელმწიფო იყოს დაცული. პოლიცია გამოხატავს სახელმწიფოს. პოლიციაზე და პოლიციელზე ხელის აღმართვა მაქსიმალურად მკაცრად უნდა იყოს დასჯილი. ეს არის ბუნებრივი, ეს მიდგომა, რომელსაც იყენებენ სამართალდამცავი სტრუქტურები და, რა თქმა უნდა, ეს ასე უნდა გაგრძელდეს”, – განაცხადა ირაკლი მ.
მან მზია ამაღლობელის პატიმრობაზე პასუხისმგებლობა, რომელიც დაკავებიდან უკვე 19 დღეა, რაც შიმშილობს, “უცხოელ ჩინოვნიკებს, კონკრეტულ დიპლომატებსა” და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს დააკისრა.
ის კვლავ აგრძელებს “ქართული ოცნების” შეთქმულების თეორიებს იმის შესახებ, თითქოს საქართველოს დასავლელი პარტნიორები ქვეყანაში არეულობის მოწყობას ახალისებენ. ის ირწმუნება, რომ ს პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის შეურაცხყოფის საპასუხოდ მზია ამაღლობელის მიერ მისთვის სილის გაწვნა ძალადობის წახალისებაა.
“თქვენ იცით, რომ ჩვეულებრივად, კამერების თვალწინ იქნა ჩადენილი კონკრეტული დანაშაული, სამართალდარღვევა, როდესაც ხელი დაარტყა კონკრეტულმა ადამიანმა პოლიციელს, პოლიციის ხელმძღვანელს კონკრეტულ რეგიონში. ეს სამართალდარღვევა არ იყო არავითარი ფორმით დაკავშირებული ჟურნალისტურ საქმიანობასთან. შესაბამისად, ამ ყველაფრის მედიასთან დაკავშირება არის ცარიელი სპეკულაცია. მე ერთი რამ მინდა ვუთხრა ყველას, როდესაც საუბარია რაღაცების წაქეზებაზე, ყველა ის ადამიანი, რომელიც მშვიდობიანს უწოდებდა არამშვიდობიან პროტესტს, არის იმ დანაშაულის წამქეზებელი, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ. ყველა, ვიცი, ახალისებდა ძალადობას თბილისის ქუჩებში, არის ასეთი სამართალდამრღვევების წამქეზებელი. მზია ამაღლობელის პატიმრობაზე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ იმ ადამიანებმა, რომლებიც მთელი ამ კვირების განმავლობაში და თვეების განმავლობში საქართველოში ახალისებდა ძალადობას. მათ შორის ესენი არიან კონკრეტული უცხოელი ჩინოვნიკები, კონკრეტული დიპლომატები, რომლებიც არიან საქართველოში. ნუ, რა თქმა უნდა, რადიკალურ ოპოზიციაზე და სხვებზე აღარ ვსაუბრობ. მათ უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა დღეს მზია ამაღლობელის პატიმრობაზე. იმიტომ, რომ მათ წაახალისეს ძალადობა პოლიციის წინააღმდეგ. ისინი ამას აკეთებდნენ ოქტომბრის ბოლოდან მოყოლებულო განსაკუთრებული აქტიურობით – ს მეორე დღიდან მოყოლებული. ვინც ახალისებს ძალადობას ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით პოლიციელებზე ძალადობას, მას არ აქვს არავითარი მორალური უფლება, რომ რაიმეზე ისაუბროს საერთოდ. როდესაც საუბარია კონკრეტულად მზია ამაღლობელზე, პასუხისმგებლობა უნდა აიღონ მისმა დონორებმა. თქვენ იცით, რომ ის არის უცხოეთიდან დაფინანსებული პირი. მისი ორგანიზაციები ფინანსდება უცხოეთიდან და არცერთი მისი დონორი არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რომელიც ამ ქალბატონმა განახორციელა პოლიციელის წინააღმდეგ. ყველა დონორი, თითოეული თანხის ჩამდები მის ორგანიზაციებში არის პასუხისმგებელი იმ პარტიულ-პოლიტიკურ ძალადობაზე, რომელიც განახორციელა მზია ამაღლობელმა. შესაბამისად, თუ ვინმეს უნდა რაიმეზე საუბარი, პირველ რიგში, მოინანიონ და გამოხატონ სინანული ძალადობის წახალისებისათვის. რაც შეეხება ჩვენს ოპოზიციას, მე კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ მზად ვარ შეხვედრისთვის. მთავარია შეხვედრა იყოს საქმიანი და დეტალებთან დაკავშირებით ვისაუბრო”, – ამბობს კობახიძე.
ნეტგაზეთი/ბათუმელების დირექტორი, მზია ამაღლობელი უკვე 19 დღეა შიმშილობს.
მისი ინტერესების დამცველი ორგანიზაციის, საქართველის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ, რომელმაც ამაღლობელი დღეს, 30 იანვარს რუსთავის ქალთა ციხეში მოინახულა, განაცხადა, რომ მან უკვე უჭირს საკნიდან ადვოკატებთან შეხვედრის ოთახამდე მანძილის გავლა. გარდა ამისა, ქურდოვანიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ციხის ადმინისტრაცია მხოლოდ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის ზეპირი აღწერით შემოიფარგლება და ადვოკატებს არ აწვდის სამედიცინო დოკუმენტებს, ანალიზების შედეგებს და ა.შ.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.
მზია ამაღლობელისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება მისმა ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არც კი განიხილა.
არაერთი იურისტისა და უფლებადამცველის შეფასებით, მზიას ამაღლობელის ქმედება შეუსაბამოა მისთვის წარდგენილ ბრალთან. სპეციალისტები განმარტავენ, რომ მასი ქმედება ბევრად უფრო მსუბუქია, ვიდრე პროკურატურა ედავება. ბევრი მათგანი თვლის, რომ ეს საერთოდ არ არის დანაშაული და მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად უნდა ჩაითვალოს.
იურისტები დაუსაბუთებლად მიიჩნევენ აღკვეთოს ღონისძიების სახით მზია ამაღლობელის დაპატიმრებასაც.
ამავე თემაზე:
· ცემად ვერ შეფასდება 1 დარტყმა, თუნდაც მან ტკივილი გამოიწვიოს – უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა
· სახალხო დამცველი მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებას ავრცელებს
· ნეტგაზეთი/ბათუმელების დირექტორი, მზია ამაღლობელი უკვე 19 დღეა შიმშილობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ოზურგეთის მერიაში აცხადებენ, რომ ინფორმაცია სოფელ შრომაში ახალგაზრდა მამაკაცის დაშავების შესახებ, რომელსაც სასწრაფო დახმარება სჭირდება, მათთვის ცნობილია და შესაბამისი რეაგირება ექნებათ