მოსამართლე ლელა კალიჩენკომ 23 წლის დანიელ მუმლაძე და 26 წლის გურამ ხუტაშვილი პატიმრობაში დატოვა.
ორივე მათგანს რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებული, შსს-ს კუთვნილი სამეთვალყურეო ვიდეოკამერების დაზიანებას ედავებიან.
დაკავებულები ბრალს აღიარებენ და თანამშრომლობენ გამოძებასთან. ერთ-ერთმა მათგანმა დღეს სიტყვითაც მიმართა მოსამართლეს და უთხრა, რომ არ მიემალებოდა გამოძიებას იმ შემთხვევაში, თუ საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე უფლებამ მისცემდა, თავისუფლებაზე ყოფილიყო.
დღევანდელ პროცესზე უდავოდ იქნა ცნობილი პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, ეს იმას ნიშნავს, რომ დაკავებულები გამოძიებაზე გავლენას ვეღარ მოახდენენ. გარდა ამისა, დაკავებულებიდან ერთ-ერთი სოციალურად დაუცველია, მეორე ბრალდებულს კი 3 წლამდე შვილი ჰყავს და ერთადერთი მარჩენალია ოჯახში. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, მოსამართლე ლელა კალიჩენკომ არცერთი გარემოება არ გაითვალისწინა და ორივე ახალგაზრდა მაინც პატიმრობაში დატოვა.
“დანიელ მუმლაძეს ჰყავს სამ წლამდე შვილი, მუშაობდა მიმტანად და მიჰქონდა სახლში ქირის და ბავშვის აღზრდისთვის ფული. ის, რომ ეს ფაქტი ასეთი ადამიანი უკანონოდ გავა ქვეყნიდან და დაემალება სასჯელს, სადაც საპროცესო დახმარებას ითხოვს და ხალხის დახმარებით სრულად ანაზღაურებს ზიანს, არის სიგიჟე. ის არგუმენტი, რომ დანიელ მუმლაძე თვითონ კი არ სჩადიო დანაშაულს, არამედ სხვას დაეხმარა დანაშაულსი ჩადენაში და მომავალშიც შეიძლება დაეხმაროსო, ამის გამო პატიმრობაში უნდა იყოსო, ეს სცდება სამართლებრივ შესაძლებლობას”.- ამბობს ადვოკატი.
დანიელ მუმლაძე 9 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
