„ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ისინი თეორიულადაც არ მოიაზრებენ თავს ევროკავშირის რომელიმე სტრუქტურის წევრად, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რითაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეჩერების თაობაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება შეაფასა.
„ქართული ოცნების“ ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ისინი თეორიულადაც არ მოიაზრებენ თავს ევროკავშირის რომელიმე სტრუქტურის წევრად. რაც გუშინდელი გადაწყვეტილებიდან მთავარია – PACE-ს რეზოლუციაში ულტიმატუმად პირველად ჩაიწერა, რომ რეჟიმმა უნდა დანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები შემდეგ სხდომამდე, რომელიც სავარაუდოდ, 7 აპრილს ჩატარდება; რომ გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი და ამასთან ის, რომ ყველა ის დრაკონული კანონი, რომლებიც რეჟიმმა ბოლო თვეებში მიიღო, უნდა გაუქმდეს. ეს არის აქ მთავარი. „ქართულ ოცნებას“ ისედაც შეზღუდული აქვს ყველანაირი უფლებამოსილება დელეგაციებში, კენჭისყრებში მონაწილეობა, საქმიანობა… ისედაც პირობითად რჩებოდნენ, სანამ ეს მოთხოვნები არ იქნება შესრულებული აპრილამდე“, – განაცხადა ჩიხლაძემ.
რაც შეეხება ჩეხეთის მთავრობის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომლისთვის სანქციების დაწესებას, სერგო ჩიხლაძე აღნიშნავს, რომ სანქცირების პროცესი გაგრძელდება.
„ჩვენ უკვე ვნახეთ ევროკავშირის ქვეყნებმა, იგივე ბალტიის ქვეყნებმა, გერმანიამ, როგორ დაასანქცირეს „ქართული ოცნების“ რეჟიმის მაღალჩინოსნები, ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსნები. გუშინ მათ რიგებს შეუერთდა ჩეხეთი და როგორც ჩანს, ეს პროცესი გაგრძელდება. ეს არის გაცხადებული პოლიტიკა. რაც ევროკავშირის 27-ის ქვეყნის კონსენსუსური გადაწყვეტილება ვერ შედგა უნგრეთისა და სლოვაკეთის გამო, ქვეყნებმა გადაწყვიტეს ინდივიდუალურად დაუწესონ სხვადასხვა სახის სანქციები „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს. რა თქმა უნდა, ევროპული ქვეყნები უკან არ დაიხევენ, რომ საქართველოში არ გამყარდეს ივანიშვილის რუსული რეჟიმი“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარების, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებისკენაც მოუწოდებს. კენჭისყრაზე 134 დეპუტატიდან რეზოლუციას 114-მა დაუჭირა მხარი, 13 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 7-მა თავი შეიკავა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს დელეგაციის მანდატების გადახედვის და ზოგადად ქვეყანაში ვითარების შეფასების პირობებში გადაწყვიტა საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირება მოახდინოს 2025 წლის აპრილამდე, თუმცა გარკვეული პირობებით. ასამბლეამ „ქართული ოცნების“ დელეგატების მიერ წარდგენილი სამივე შესწორებაც უარყო.
