გედევან ფოფხაძე – გამარჯვება იქნება მაშინ, როცა ივანიშვილი და მისი ხუნტა წავა ციხეში, მანამდე გვაქვს წარმატება – დასავლეთმა ძალიან მკვეთრი პოზიცია დაიკავა და „ქართულ ოცნებას“ ენისმოჩლექით აღარ ელაპარაკება

დღეს ევროპა იცავს ქართველი ხალხის ინტერესს, რომელიც ამ ოლიგარქიული ჯგუფისა და „ვერცხლის მოყვარულთა კლუბის“ მხრიდან მასხრად არის აგდებული. ამაში რაიმე უსამართლოა?! – დღეს, ჩვენი ევროპელი პარტნიორები ქართველების მხარეს არიან კონფლიქტში: ქართველი ხალხი ივანიშვილის ხუნტის წინააღმდეგ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ PACE-ის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ფოფხაძე აღნიშნავს, შეიძლება, ევროპის პოზიცია „ქართული ოცნებისთვის“ უსამართლოა, მაგრამ ხალხისთვის ეს ერთადერთი ადეკვატური დამოკიდებულებაა“.
„დღეს ევროპა იცავს ქართველი ხალხის ინტერესს, რომელიც ამ ოლიგარქიული ჯგუფისა და „ვერცხლის მოყვარულთა კლუბის“ მხრიდან მასხრად არის აგდებული. მათ ქართველი ხალხი აიგდეს მასხრად და ევროპამ დაიკავა ხალხის მხარე და არა მათი. ამაში რაიმე უსამართლოა?! მათთვის შეიძლება უსამართლოა, მაგრამ ხალხისთვის ეს ერთადერთი ადეკვატური დამოკიდებულებაა. ამიტომ გვინდა ჩვენ ევროპა, იქ არის სამართლებრივი სახელმწიფო, იმიტომ, რომ იქ არის ის ადამიანის უფლებები, რომლებიც ამათ დაივიწყეს. ქვეყანას ევროპაზე არჩევანი მხოლოდ ეკონომიკური სარგებლიდან არ აქვს, არამედ იმიტომ, რომ იქ ადამიანის უფლებებია, იქ ადამიანი არის მთავარი. იქ ვიღაც ერთი ოლიგარქი ან კერძო პირი სახელმწიფოს ვერ აიღებს და ჯიბეში ვერ ჩაიდებს, მოსამართლეებს და პოლიციელებს თავის ჭკუაზე ვერ ატარებს. ამიტომ გვინდა ევროპაში და მათთვის ეს წყალგამყოფია, მათ ივანიშვილის ფეოდალიზმი უნდათ. ამის მერე ევროპის მხრიდან რომელ უსამართლობაზე უნდა ვისაუბროთ ან ვის მიმართ?!“,- აღნიშნა ფოფხაძემ.
ამავე თემაზე საუბრისას, ფოფხაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული რეზოლუცია წარმატება არის, მაგრამ ქართველი ხალხის გამარჯვება „ივანიშვილისა და მისი ხუნტის, თვითმარქვია რეჟიმის ციხეში წასვლა იქნება“.
„ქართველი ხალხის გამარჯვება იქნება მაშინ, როდესაც ივანიშვილი და მისი ხუნტა, თვითმარქვია რეჟიმი წავა ციხეში, მანამდე წარმატებებზე ვისაუბროთ და წარმატება ერთმნიშვნელოვნად არის იმიტომ, რომ დასავლეთმა ძალიან მკვეთრი პოზიცია დაიკავა და ენისმოჩლექით მათ არავინ ელაპარაკება. ყველასათვის გასაგებია, რომ დღეს ჩვენი ევროპელი პარტნიორები არიან მხარე კონფლიქტში ქართველი ხალხი-ივანიშვილის ხუნტის წინააღმდეგ, მხარე არიან სწორედ ქართველი ხალხის სასარგებლოდ“,- განაცხადა ფოფხაძემ.
გარდა ამ თემისა, ფოფხაძემ ისაუბრა ჩეხეთის მთავრობის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომლისთვის სანქციების დაწესებაზე და აღნიშნა, რომ ევროპის მხრიდან „მეტ ადეკვატურობას, ივანიშვილისგან მეტი არაადეკვატურობა“ მოჰყვება.
„ვიღაცას რომ ჰგონია, ევროპიდან იქნება სწორი და თანმიმდევრული ქმედებები, იქნება სანქციები და ამას მოჰყვება „ქართული ოცნების“ მხრიდან ადეკვატური ქმედებები, ასე არ იქნება. რაც მეტი ადეკვატურობა იქნება ევროპიდან, მეტი არაადეკვატურობა იქნება ივანიშვილისგან. ის ამ ყველაფერს იმპულსებით მართავს – არ ვუნდივარ ევროპას, მე ვიკეტები. ამ ქვეყანას უყურებს, როგორც თავის საფეოდალოს, თავის სამოურავოს. სამართლებრივი სივრციდან გასული ადამიანისთვის, პრაქტიკულად გამორიცხულია, რაიმე ადეკვატურობის ჩარჩოში მოაქციო“,- აღნიშნა ფოფხაძემ.
ამასთან, როგორც ფოფხაძემ „ქართული ოცნების“ მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტის გადაწყვეტილებაზე საუბრისას აღნიშნა, საუბარი იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რამე გადაწყვიტა, „ცინიზმია“.
„ქართულ ოცნებას“ უნდა ფეოდალური საქართველო, სადაც ივანიშვილი იქნება ერთპიროვნული და უპირობო ფეოდალი, რომელიც იქნება კანონზე მაღლა. დე ფაქტო რეალობა ისაა, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი დამორჩილებულია კერძო პირზე და ისინი არ ცნობენ კანონს. პოლიცია, მოსამართლე ემსახურება ივანიშვილს, დეპუტატი ემორჩილება ივანიშვილს. კანონს და ხალხს აღარავინ ემორჩილება. ყველა ივანიშვილს ემსახურება, ამიტომ ძალიან ცინიზმია საუბარი იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რამე გადაწყვიტა. იქ არავინ არაფერს წყვეტს, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. თუ ვინმე „ქართული ოცნებიდან“ ამ ფრაზას იყენებს, ის ცინიკოსი და ზიზღის ღირსია. ყველამ ვიცით რაც ხდება, ივანიშვილი უკვეთავს, ესენი ასრულებენ. სხვანაირი მექანიზმი იქ არ არსებობს, არავინ მსჯელობს, არავინ განსხვავებულ, კრიტიკულ აზრს არ გამოთქვამს, ივანიშვილის გემოვნებაზეა ყველაფერი მორგებული. მათ თავისი მოდელი შემოგვთავაზეს – ფეოდალი ივანიშვილი, მოურავი , თავის მსახურებთან ერთად, საქართველო გადის სამართლებრივი სივრციდან, კანონი ივანიშვილია, სამართალი ივანიშვილია. ყველა, ვისაც არ მოსწონს ეს მოცემულობა, ქვეყნის პოლიტიკური სივრცის მიღმა რჩება“, – განაცხადა ფოფხაძემ.