რუსულმა და ჩინურმა ონლაინ მაღაზიებმა შეიძლება ქართული e-commerce-ის დიდი ნაწილი ჩაყლაპოს – ასოციაცია (bm.ge)

ელექტრონული კომერციის ასოციაციის თანადამფუძნებელი თამარ გოგოლაშვილი ქართული ელექტრონული კომერციისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად უცხოური ონლაინ მაღაზიებისგან მზარდ კონკურენციას ასახელებს.
როგორც მან BMGTV-ს გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა, არის რისკი, რომ რუსულმა და ჩინურმა ონლაინ მაღაზიებმა ქართული ელექტრონული კომერციის დიდი ნაწილი ჩაყლაპოს.
“კონკურენციის ზრდა სერიოზული გამოწვევაა ელექტრონული კომერციისთვის. ადგილობრივ ბაზარზე ჯერჯერობით არაჯანსაღი გარემო გვაქვს და ამ საკითხს არავინ ადევნებს თვალს. მოგეხსენებათ, საკმაოდ ბევრი ონლაინ მაღაზია შემოვიდა, როგორც რუსული ონლაინ მაღაზიები ოპერირებენ ქართულ ონლაინ სივრცეში, ასევე ჩინური ონლაინ მაღაზიები, იგივე TEMU. კონკურენცია იმდენად მზარდი და ყოვლისმომცველია, რომ ფაქტობრივად მალე, შეიძლება ქართული ელექტრონული კომერციის დიდი ნაწილი უბრალოდ ჩაყლაპოს და ბევრი ონლაინ მაღაზია დაიხუროს, ეს კი უამრავ ადამიანს დატოვებს სამუშაოს გარეშე”,- ამბობს თამარ გოგოლაშვილი.
ასოციაციის თანადამფუძნებელი ამ მიმართულებით რეგულირების საჭიროებას ხედავს.
“არის გარკვეული ქვეყნები, რომლებსაც უცხოურ საიტებთან მიმართებით რეგულაციები აქვთ. მომხმარებლის მხრიდან რომ შევხედოთ, იმპორტიორ კომპანიებს ძალიან ბევრი რეგულაცია აქვთ, სანამ პროდუქტს შემოიტანენ, ამ ონლაინ მაღაზიებს კი არავინ ამოწმებს, ანუ მათი პროდუქციის ხარისხი არ ვიცით. თუნდაც მათთან იურიდიული ურთიერთობის ნაწილში, ეროვნული რეგულირების ჩარჩოში არ ჯდებიან. მეორე მხრივ, ქვეყნის ეკონომიკისთვისაც მნიშვნელოვანი დანაკლისია, ვინაიდან თანხები გადის. ადგილობრივი ელექტრონული კომერციის გაძლიერება და თანაბარ რეჟიმში დაყენება მნიშვნელოვანია. ადგილზე რომ მსგავსი დემპინგური გარემოება იყოს, შესაძლებელია, რომ კონკურენციის სააგენტოს მიმართო, თუმცა ამ შემთხვევაში, ქართული ბიზნესი სრულიად დაუცველია. მომავალში ამან შესაძლოა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენები იქონიოს”,- განაცხადა თამარ გოგოლაშვილმა.