„ფქვილის საიმპორტო გადასახადის გაუქმებას გამოვრიცხავთ“ – რა მოლოდინები აქვთ წისქვილკომბინატებს?

კომპანია “აგროექსპორტის” დამფუძნებელი ლევან ჯანაშია მარტიდან ფქვილის საიმპორტო გადასახადის გაუქმებას გამორიცხავს და აცხადებს, რომ წისქვილკომბინატები სწორედ ამ გადასახადის არსებობის პირობებში ახერხებენ პურის მწარმოებლებისთვის ფქვილის ისეთ ფასად მიაწოდონ, რომ პური არ გაძვირდეს. ამის შესახებ მან „საქმიან დილაში“ ისაუბრა.
დარგის წარმომადგენელი იმასაც აღნიშნავს, რომ შესაძლოა ფქვილის იმპორტის გადასახადში გარკვეული ცვლილებები შევიდეს და ეს გადაწყვეტილება მალე გახდება ცნობილი.
„წისქვილკომბინატის გადასახედიდან საიმპორტო გადასახადის წარმოება მნიშვნელოვანია, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივმა წარმოებამ იარსებოს. ამიტომ სახელმწიფოს მხრიდან ფქვილზე იმპორტის გადასახადთან მიმართებით რადიკალური პოზიცია არ მოგვისმენია. უბრალოდ მიდის საქმიანი საუბარი იმაზე, როგორ მოვძებნოთ გამოსავალი არსებული მდგომარეობიდან.
ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი დაწყებული ვალუტის კურსიდან, როგორც საქართველოში ასევე რუსეთში, საიდანაც ხორბალი შემოგვაქვს. ხორბლის მოსავალი, რომელიც წელს უფრო ნაკლები იყო, ვიდრე შარშან; ხორბლის ექსპორტზე დაწესებული კვოტები, რომელიც წელს ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე შარშან; საწვავის ფასი და ა.შ. გავლენას ახდენს ფასზე.
გასული წლის აპრილის შემდეგ 1 ტომარა ხორბლის ღირებულება დაახლოებით 5-6 ლარით არის გაძვირებული, თუმცა ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მეპურეებისთვის, რომლებიც მოსახლეობას სოციალური პურით ამარაგებენ, ფასი არ გაზრდილა და რა ფასადაც ხდებოდა მიწოდება, ახლაც ასე ხდება. ეს არის ტომარა ფქვილზე 52-53 ლარი, რაც კომპანიაზეა დამოკიდებული. ამაზე ძვირად მათ ადგილობრივი მწარმოებლისგან ფქვილი არ მიუღიათ, რადგან ადგილობრივი მწარმოებლები ამ ფაქტორების გათვალისწინებას ცდილობენ.
თუმცა ბაზრის მოთამაშეებს გვესმის, რომ ამ ტენდენციით თუ გაგრძელდება, ეს ფქვილის ფასის ზრდას გამოიწვევს, რაც პურზე იქონიებს გავლენას ან არ იქონიებს.
ბიზნესის გარდა ნებისმიერი ადგილობრივი მწარმოებლისთვის გასაგებია, რომ გარკვეული სოციალური პასუხისმგებლობა ამ ნაწილში კომპანიებს აკისრიათ და მაქსიმალურად, შესაძლებლობის ზღვარზე ვცდილობთ ფასების შენარჩუნებას ხელი შევუწყოთ, თუმცა თუ საიმპორტო გადასახადი მოიხსნება, ეს შეუძლებელი იქნება. პირდაპირ რომ გითხრათ საიმპორტო გადასახადის მოხსნის პერსპექტივას ვერ ვხედავ. შედეგობრივად, შესაძლოა, გარკვეული ხასიათის ცვლილებებზე იყოს საუბარი, არ ვიცი ჯერ დაკლება იქნება მომატება თუ ა.შ. თუმცა გარკვეულ ცვლილებებს შესაძლოა ველოდოთ, თუმცა საიმპორტო გადასახადის გაუქმებას გამოვრიცხავთ.
აბსოლუტურად ყველა რისკები აწონილ-დაწონილია და გადაწყვეტილება როგორი იქნება ვნახოთ“, – განმარტავს ლევან ჯანაშია.
„აგროექსპორტის“ დამფუძნებელი ხორბლის შესაძლო გაძვირებაზეც საუბრობს. „1.5 თვის წინ 1 ტონა ხორბლის ფასი 800 ლარი იყო და ახლა 970-დან 1000 ლარამდე ავიდა, რაც მხოლოდ კურსთა შორის სხვაობით არ იყო გამოწვეული. 15 თებერვლიდან ძალაში შედის რუსეთში ხორბლის კვოტირების წესი, ხორბლის იმპორტიორების თვალსაზრისით კვოტების გადანაწილებამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ფასებზე“, – აღნიშნა მან.